ინტერვიუ მიხაელ შუმახერთან, რომელიც ინციდენტამდე 2 თვით ადრეა ჩაწერილი
Aa
Aa

ინტერვიუ მიხაელ შუმახერთან, რომელიც ინციდენტამდე 2 თვით ადრეა ჩაწერილი

ლეგენდარული პილოტის, მიხაელ შუმახერის ოჯახმა, ინტერვიუ გაავრცელა, რომელიც იმ ცნობილ ინციდენტამდე 2 თვით ადრეა ჩაწერილი...

სოციალურ ქსელებში ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოყვა... ქომაგებმა ვიდეო მაშინვე აიტაცეს და შუმახერის შესახებ საკუთარი გულისტკივილი კიდევ ერთხელ გამოხატეს...

1) რომელი ჩემპიონობა იყო თქვენთვის ყველაზე ემოციური? კარიერაში პირველი, რომელიც 1994 წელს მოიპოვეთ, თუ 2000 წლის სეზონის, რომელიც "ფერარის" რიგებში პირველი აღმოჩნდა?

ყველაზე ემოციური 2000 წელს, ფერარის ბოლიდით, სუზუკაში მოპოვებული ჩემპიონობა გახლდათ. იტალიურ საჯინიბოს მსოფლიო ჩემპიონი ბოლო 21 წლის განმავლობაში არ ჰყოლია და უკანასკნელი 4 წლის მანძილზე წარმატების მიღწევას მეც ვერ ვახერხებდი. 2000-ში კი ყველაფერი შეიცვალა, სუზუკაში გამართულ რბოლაში გავიმარჯვე და უმნიშვნელოვანესი ჩემპიონობა დავისაკუთრე.

2) ფორმულა ერთში გატარებული 20-ზე მეტი სეზონის მანძილზე რომელი მეტოქის მიმართ გაგაჩნდათ ყველაზე დიდი პატივისცემა?

ფორმულა ერთში გატარებული წლების განმავლობაში ყველაზე დიდ პატივს მიკა ჰაკინენს ვცემდი. ჩვენ რბოლებისას ერთმანეთს რეგულარულად ვუპირისპირდებოდით, მაგრამ ფორმულა ერთს მიღმა საკმაოდ სტაბილური და კარგი ურთიერთობა გვქონდა.

3) ფიზიკურად რამდენად დამღლელია ფორმულა ერთი?

ფორმულა ერთი ძალიან რთული სპორტია. დღევანდელთან შედარებით განსაკუთრებით! წარსულში ყველაფერი გაცილებით ძნელი იყო, რადგან ბოლიდებს განსხვავებული სამუხრუჭე და მართვის სისტემები ჰქონდათ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმულა ერთი ერთ-ერთი ყველაზე რთული სპორტია.

4) ბავშვობაში ფორმულა ერთის რომელიმე პილოტი თუ იყო თქვენი კერპი?

ბავშვობაში, როდესაც მონაწილეობას კარტინგის რბოლებში ვიღებდი, ფორმულა ერთის რბოლებს თვალს ხშირად ვადევნებდი. დიახ, აირტონ სენას გამოსვლები ნანახი მაქვს. ვინჩენცო სუსპირის რბოლებსაც რეგულარულად ვუყურებდი და ვაღმერთებდი კიდეც, თუმცა ჩემი ნამდვილი კერპი ტონი შუმახერი იყო.

5) ყოველთვის იცოდი, რომ ფორმულა ერთის რეკორდებს მოხსნიდი თუ საკუთარ თავში ეჭვი გეპარებოდა?

რეკორდები აბსოლუტურად სხვა თემაა. ვფიქრობ საკუთარ თავში ეჭვის შეტანა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ზედმეტად თავდაჯერებულ ადამიანად ჩამოყალიბებისგან გიცავს.

სკეპტიკური განწყობა, განვითარებისთვის საჭირო გზების ძიება, შემდეგ ეტაპზე გადასვლის სურვილი და იმის თქმა, რომ „მე სათანადოდ ძლიერი არ ვარ და საკუთარ თავზე მუშაობა მმართებს“ წარმატების მიღწევის მთავარი რეცეპტია.

6) ყოველთვის ამბობდი, რომ წარმატება გუნდური ძალისხმევის შედეგია. ფორმულა ერთი ხომ ინდივიდუალური სპორტია? ამაზე რას იტყვი?

ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მიღწეული წარმატება, ყოველ შემთვევაში ჩემთვის, გუნდური ძალისხმევის შედეგი იყო. შენ, როგორც რიგითმა ინდივიდუალმა შესაძლოა დაკისრებული დავალებები შეასრულო, მაგრამ გუნდთან ერთად გაცილებით ძლიერი ხარ. ფორმულა ერთი კი ნამდვილად გუნდური სპორტია.

7) შენ "ფერარის" და "ბენეტონის" რიგებში მსოფლიო ჩემპიონი გახდი, "მერსედესი" კი წამყვან საჯინიბოდ აქციე, შეიძლება თუ არა ამ პერიოდების შედარება?

თუ იმ გუნდებს გაიხსენებთ, რომელთა ბოლიდებსაც ვმართავდი, ნახავთ რომ მიზანი თითქმის ყველგან ერთი და იგივე იყო. "ბენეტონში" 4-5 წლის მანძილზე გუნდის აღორძინებას ვცდილობდით და შემდეგ ჩემპიონობა მოვიპოვეთ. "ფერარიშიც "იგივე მოხდა. გაცილებით ნაკლებ დროში ამ ყველაფრის განმეორება „მერსედესშიც“ ვცადეთ, თუმცა...

საბოლოოდ ვფიქრობ ამ პერიოდების შედარება ნამდვილად შეიძლება.

8) როცა პროფესიული განვითარება გსურდა ფორმულა ერთის ყველა პილოტს აკვირდებოდი თუ მხოლოდ საუკეთესოებს?

განვითარებისთვის არა მხოლოდ ბოლიდის, არამედ საკუთარი თავის და მოწინააღმდეგეების ანალიზის გაკეთება გიწევს. იმისთვის რომ ახალი მწვერვალები დაიპყრო მხოლოდ საუკეთესოებს კი არა, ყველა პილოტს უნდა დააკვირდე. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიქცეოდი, რადგან თითოეული მრბოლელი რაღაც განსაკუთრებულით გამოირჩევა.

9) ყოველთვის ამბობდი რომ კარტინგი ნებისმიერი პილოტისთვის კარგი მოსამზადებელი ეტაპი იყო. რატომაა ეს ასე?

კარტინგი კარგი მოსამზადებელია ეტაპია, რადგან იგი რბოლისთვის საჭირო უნარების განვითარების საშუალებას გაძლევს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კარტინგი ტრასაზე გასვლის და რბოლაში მონაწილეობის ჟინს გიყალიბებს.

10) არის თუ არა მხოლოდ და მხოლოდ ნიჭი მსოფლიოს საუკეთესოს სტატუსის დასამკვიდრებლად საკმარისი?

ნიჭი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი ნამდვილად არაა. წარმატების მისაღწევად ბევრი რამაა საჭირო. კარტინგს ამ მხრივ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. აქ შეიძლება რბოლისთის გამოსადეგი უნარების განვითარებაზე და პრობლემების გადაჭრაზე იმუშავო.

 

ცხელი ამბები