პარლამენტში ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ანგარიში მოისმინეს
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის გაცნობას დაეთმო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ქვეყანაში სპორტის განვითარების და კონკრეტულად, ძალოსნობის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალოსნობის ფედერაცია ერთ-ერთ წარმატებულ ფედერაციას წარმოადგენს, რასაც ძალოსნების მიერ მოტანილი შედეგებიც მოწმობს.
მიხეილ ყაველაშვილმა კომიტეტის სახელით ქართველ ძალოსანს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს მიღწეული შედეგების გამო მადლობა გადაუხადა.
სხდომაზე ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშრებით, ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ეროვნული ფედერაციის დევიზს „ერთად საქართველოსთვის“ წარმოადგენს და ფედერაციის მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტული მიღწევებია. მისივე განცხადებით, დღეისათვის ფედერაცია 700-მდე სპორტსმენს აერთიანებს და მათი რიცხვი ყოველწიურად იზრდება, რაც ძალოსნობის მიმართ დაინტერესებაზე მიუთითებს. კახი კახიაშვილმა 2019 წლის ბათუმში გასამართ ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს შეეხო და აღნიშნა, რომ წარმატებულად და ორგანიზებულად ჩემპიონატის გამართვა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე დადებითად იმოქმედებს.
„მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის კუთხითაც, რომელიც არა მხოლოდ ქართველ სპორტსმენებს მოემსახურება, არამედ შესაძლოა რეგიონის დონეზეც კი მოხდეს მისი დატვირთვა. ეს საერთო საქმე კი ერთობლივი ძალისხმევით უნდა გაგრძელდეს და კომიტეტი მზად არის გვერდში დაუდგეს და მხარი დაუჭიროს ძალოსნობის ფედერაციის იმ ინიციატივებს, რაც მის განვითარებას და პოპულარიზაციას წაადგება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.