სენეგალი ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს
სენეგალი 2022 წლის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. კენჭისყრა ბუენოს აირესში ჩატარდა და სენეგალის ვარიანტი ერთხმად აირჩიეს.
სენეგალთან ერთად საკუთარი კანდიდატურა აფრიკის კიდევ სამ ქვეყანას ჰქონდა წამოყენებული. მათ შორის ბოცვანა, ნიგერია და ტუნისი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ახალგაზრდულ ოლიმპიადას „შავ კონტინენტზე“ მდებარე ქვეყანა უმასპინძლებს.
სენეგალის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით მედლებისთვის ბრძოლა სამ სხვადასხვა ქალაქში, დაკარში, დიამნიადიოში და სალიში გაიმართება.
ისტორიულ კენჭისყრას სენეგალის პრეზიდენტი, მაკი სალიც, დაესწრო. ამ უკანასკნელმა ოლიმპიურ კომიტეტს გამოჩენილი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მიმართ საკუთარი პატივისცემა გამოხატა.