Aa
Aa

წლის ბრძოლა ხაბიბის გამარჯვებით დასრულდა! ნურმაგომედოვმა მაკგრეგორი "მოგუდა"!

გამთენიისას ლას ვეგასში წლის ბრძოლა შედგა. ერთმანეთს UFC-ის ორი უძლიერესი მებრძოლი ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი და რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვი დაუპირისპირდნენ.

ბრძოლა მე-4 რაუნდში ხაბიბის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც უპირატესობის მოპოვება პირველივე რაუნდიდან მოახერხა.

ნურმაგომედოვმა მაკგრეგორს თავისი ბრძოლის ჩვენების საშუალება არ მისცა. ის აქტიურად უტევდა და ჭიდაობის ილეთს აქტიურად იყენებდა.

ყველაფერს წერტილი მე-4 რაუნდში დაესვა, როდესაც ხაბიბმა კონორს ეგრეთწოდებული "მოგუდვის" ილეთი ჩაუტარა, რის შემდეგაც ირალანდიელი დანებდა და მას ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩაეთვალა.

ამრიგად, ნურმაგომედოვი თავის წაუგებელ სერიას აგრძელებს და მსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტულს ინარჩუნებს.

ბრძოლის დასრულების შემდეგ ხაბიბმა ემოციები ვერ მოთოკა და მაკგრეგორის გუნდის წარმომადგენლებზე გაიწია. ამის შემდეგ ვითარება ოქტაგონზეც დაიძაბა.

ხაბიბისა და კონორის გუნდის წევრები ერთმანეთს დაერივნენ. საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ წარმოშობით დაღესტნელ ნურმაგომედოვს ჩემპიონის ქამარი ოქტაგონზე არ გადასცეს და სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას მოერიდნენ.

აღსანიშნავია, რომ მაკგრეგორმა UFC-ში აქამდე მხოლოდ ერთი ბრძოლა წააგო და ისიც იმავე "მოგუდვის" ილეთით. 2016 წელს ირლანდიელი ნეიტ დიასს დანებდა.