''საშიში არაფერია, 10 დღეც და თამაშისთვის მზად ვიქნები''
Aa
Aa

''საშიში არაფერია, 10 დღეც და თამაშისთვის მზად ვიქნები''

იტალიური ''ემპოლის'' ფორვარდი ლევან მჭედლიძე ''რომასთან'' მატჩს გამოტოვებს.  მჭედლიძე კუნთის ტრავმის გამო მონაწილეობას სანაკრებო შეხვედრებშიც ვერ მიიღებს.

28 წლის თავდამსხმელი crystalsport-ს ესაუბრა.

''რომასთან'' მატჩს გამოვტოვებ. სამწუხაროდ, ეროვნულ ნაკრებს ანდორასთან და ლატვიასთან შეხვედრებში ვერ დავეხმარები. სავარჯიშო პროცესს 7-10 დღეში განვაახლებ.

ტრავმა ''პარმასთან'' შეხვედრაში მივიღე. თამაშის მიმდინარეობისას მცირე ტკივილი ვიგრძენი, მატჩის დასრულების შემდეგ კი ძალიან შემაწუხა.

საშიში არაფერია. მიმდინარე კვირაში მარჯვენა ფეხის კუნთი ძალიან მაწუხებდა და არ მივარჯიშია.

დიდი ალბათობით ''ფროზინონესთან'' თამაშისთვის მზად ვიქნები.''

''ფროზინონესა'' და ''ემპოლის'' დაპირისპირება 21 ოქტომბერს ფროზინონეში, ''ბენიტო სტირპეზე''გაიმართება.

ლევან მჭედლიძე ''პარმასთან'' მატჩში

გასულ ტურში ''ემპოლი'' ''პარმასთან'' მინიმალური სხვაობით დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი ჟერვინიოს ანგარიშზეა. მჭედლიძემ მე-60 წუთიდან ითამაშა.

ერთა ლიგის მატჩებისთვის ვლადიმირ ვაისმა მჭედლიძე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. ვაისის 26-კაციან განაცხადში მხოლოდ ორი ფორვარდი ფიგურირებდა, ლევან მჭედლიძე და ნიკა კაჭარავა. მჭედლიძის თამაში გამოირიცხა, ნიკა კაჭარავას კი ''ანორთოსისში'' მცირე სათამაშო დრო აქვს.

სლოვაკმა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში ორი ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე და ბაჩანა არაბული შეიყვანა. სავარაუდოდ, მათგან ერთ-ერთი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება.

ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული გუნდი 13 ოქტომბერს თბილისში ანდორას უმასპინძლებს. 16 ოქტომბერს რიგაში, ლატვიას დაუპირისპირდება.

''ემპოლის'' განაცხადი ''რომასთან'' დღეს გასამართ შეხვედრაში

მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები