შაფათავა წყვილთა ფინალში დამარცხდა
Aa
Aa

შაფათავა წყვილთა ფინალში დამარცხდა

გერმანიის პატარა ქალაქ ჰეხინგენში მიმდინარე წყვილთა გათამაშება დასრულდა და მის ფინალურ შეხვედრაში სოფია შაფათავამ, სამწუხაროდ, წარმატებას ვერ მიაღწია.

29 წლის ქართველი და მისი ყირგიზი მეწყვილე, ქსენია პალკინა ფინალამდე სეტის წაუგებლად მივიდნენ, გადამწყვეტ მატჩში კი ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილ მონოვა/სკამლოვას დუეტს დაუპირისპირდნენ და 2 სეტში 4:6; 3:6 წააგეს.

შაფათავა/პალკინას წყვილი შეხვედრის სტარტზე კარგად გამოიყურებოდა და უპირატესობასაც ფლობდა, მათ ანგარიში 3:1 წაიყვანეს, როცა კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი მიეცათ, თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს და ამის შემდეგ მატჩი მეტოქეთა კარნახით გაგრძელდა და განსაკუთრებული დაძაბულობა აღარც ყოფილა.

სოფია შაფათავამ ჰეხინგენის ტურნირის წყვილთა გათამაშება გასულ წელს მოიგო, მაგრამ მაშინ იგი იტალიელ კამილა როსატელოსთან ერთად თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ჰეხინგენის ტურნირის ცენტრალურ კორტზე ერთეულთა ფინალური მატჩი უნდა გაიმართოს, რომელშიც კიდევ ერთი ქართველი, ეკატერინე გორგოძე ადგილობრივ ლორა ზიგმუნდს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები