Aa
Aa

Mirror: კვერკველია და ევანსი დაცვის ცენტრში - ''ლესტერის'' მწვრთნელის სურვილი ასეთია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველია შესაძლოა ''ლესტერის'' ფეხბურთელი გახდეს. Mirror-ის ცნობით მიუხედავად იმისა რომ ''მელიებმა'' ჯონი ევანსი გაიფორმეს, კლუბის მთავარ მწვრთნელ კლოდ პიუელს კვლავ სურს ქართველის შეძენა. ფრანგი სპეციალისტი დაცვის ცენტრში ჯონი ევანსისა და კვერკველიას შეწყვილებას გეგმავს.

კვერკველიას პრემიერლიგის კლუბში გადასვლის შემთხვევაში ''ლესტერის'' კაპიტანი ვეს მორგანი სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს. ბოლო პერიოდში მორგანის თამაშით გუნდის ქომაგები უკმაყოფილოები არიან. ''ლესტერის'' იამაიკელ კაპიტანს გუნდთან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება.

''ლესტერმა'' ჯონი ევანსი 3,5 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ჩემპიონშიფში დაქვეითებული ''ვესტ ბრომვიჩისგან'' შეიძინა. ასევე ''ლესტერის'' ფეხბურთელი გახდა ამპლუით მარჯვენა მცველი რიკარდო პერეირა. ინგლისურმა გუნდმა ''პორტუს'' 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა.

სოლომონმა პრემიერლიგის გასულ სეზონში მხოლოდ 1 მატჩი გამოტოვა. 29 შეხვედრაში სასტარტოში მოხვდა და ყოველთვის შეუცვლელად თამაშობდა. მის ანგარიშზე 2 გოლია. მან გაუტანა ყოფილ გუნდ ყაზანის ''რუბინსა'' და ტულას ''არსენალს.'' 2011 წლიდან 26 წლის სოლომონ კვერკველია რუსეთის პრემიერლიგაში ასპარეზობს, თუმცა ჩემპიონის ტიტული პირველად გასულ სეზონში მოიპოვა.

რუსეთის პრემიერლიგის 2017-18 წლების სეზონის გათამაშებაში ჩემპიონობა მოსკოვის ''ლოკომოტივმა'' მოიპოვა. რუსულმა კლუბმა პრემიერლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ''ზენიტი'' დაამარცხა და პირველი ადგილი გაინაღდა. მატჩის შემდეგ იური სიომინის გუნდის ქართველი მცველი სოლომონ კვერკველია rt.com-ს ესაუბრა.

''უბედნიერესი ადამიანი ვარ. ჩვენი გუნდი ერთსულოვანია. ''ლოკომოტივი'' შეკრული გუნდია. ჩვენ ვართ კაცები და ჩვენი საქმე შევასრულეთ. იური სიომინი დიდებული მწვრთნელი და შესანიშნავი პიროვნებაა.

რაც შეეხება პრემიერლიგაში ტრანსფერს, მოვიქცევი ისე, როგორც სიომინი მეტყვის. შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ. ფინალში გამარჯვება ძალიან რთული იქნება, თუმცა ნახევარფინალში გავალთ. ღმერთმა ქნას თბილისის ''დინამოს'' შევხვდეთ'' - აღნიშნა კვერკველიამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები