ძიუდოისტებმა პრეზიდენტის კარი აჭედეს - ქევხიშვილის სკამი სანაგვე ყუთთან
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის კაბინეტის კარი აჭედეს. ძიუდოს ნაკრების წევრები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. ისინი კვლავ არ აპირებენ სავარჯიშო პროცესსა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღებას.
ძიუდოისტები ქევხიშვილის კაბინეტში ფანჯრიდან შევიდნენ, პრეზიდენტის სკამი გამოიტანეს და სანაგვე ყუთთან მიიტანეს.
''არ ვენდობი კომისიას. მათ გააკეთეს კომენტარი, რომ ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს. მათი აზრით ქევხიშვილი იდეალური პრეზიდენტია. კომისიის წევრები არიან მიკერძოებულნი. ქევხიშვილი ვერ აკონტროლებს ვითარებას. ის უნდა წავიდეს'' - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა ტელეკომპანია ''პირველთან'' საუბარში.
ძიუდოისტთა განცხადებით ქევხიშვილი არაა მათი პრეზიდენტი და მათი ერთადერთი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომაა. მოთხოვნას ურთდებიან ახალგაზდული ნაკრებისა და ქალთა ნაკრების ძიუდოისტები.
10 მაისს შეიქმნა კომისია, რომელმაც ძიუდოს ფედერაციაში არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს. კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით კომისიაში მისი მოადგილეების გარდა მიხეილ ყაველაშვილი, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები შედიან.
შეგახსენებთ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არაფორმალურ გარემოში ახალგაზრდებს შეხვდნენ. ერთ-ერთი კითხვა ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას შეეხებოდა.
''ყოველთვის ვამბობ რომ არ გვყავს დასაკარგი სპორტსმენი. ჩემი პირადი აზრია რომ ძიუდოს ნაკრების წევრების მოთხოვნები არადამაჯერებელია. შექმნილი კომისისს ფარგლებში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ყველა ინსტიტუცია უნდა იყოს დაცული, მაგრამ თუ ვინმეს აქვს დანაშაული ან დარღვევა, ხელს ვერავის დავაფარებთ'' - აღნიშნა ყაველაშვილმა.