Aa
Aa

NBA-ს ფლეი-ოფების პირველი რაუნდის მიმოხილვა

ტორონტო - ვაშინგტონი 130 - 119

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი-ოფის პირველი რაუნდის სამი შეხვედრა გაიმართა. თბილისის დროით 03:00 საათზე კანადაში „ტორონტომ“ „ვაშინგტონს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

„რაპტორსმა“ უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და აღნიშნული პერიოდი 17 ქულიანი სხვაობით 44-27 მოიგო.

დემარ დეროუზანმა „ტორონტოს“ 37 ქულით ულიდერა. იონას ვალანჩუნასმა აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა 19 ქულა, 14 მოხსნა. სი ჯეი მაილსმა სათადარიგო სკამიდან გუნდს 18 ქულა შესძინა, ხოლო კაილ ლაურიმ მატჩი 13 ქულითა და 12 გადაცემით დაასრულა.

„ვაშინგტონის“ რიგეში 10 ქულიან ნიშნულს სასტარტო ხუთეულის მხოლოდ 2 მოთამაშე გადაცდა. 29 ქულა გუნდს ჯონ ვოლმა შესძინა, ხოლო ოტო პორტერმა მატჩი 12 ქულით დაასრულა. „ჯადოქრების“ სათადარიგო სკამმა თავი 63 ქულას მოუყარა, თუმცა გამარჯვებისთვის საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა.

„ტორონტო“ სერიაში 2-0 დაწინაურდა და შემდეგ შეხვედრას ვაშინგტონში სტუმრად 21 აპრილს გამართავს.

 

ბოსტონი - მილოუკი 120 - 106

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ბოსტონმა“, რომელმაც საკუთარ კედლებში „ბაქსი“ ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაამარცხა.

„კელტებმა“ უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს და აღნიშნული პერიოდი 33-22 მოიგეს. საბოლოოდ „ბოსტონმა“ 120 ქულას მოუყარა თავი და საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორედ იმარჯვა.

„სელტიკსს“ ჯეილენ ბრაუნმა 30 ქულით ულიდერა. 23 ქულა ტერი როზიერმა მიითვალა, ხოლო სათადარიგო სკამიდან გუნდს 18 ქულა მარკუს მორისმა შესძინა.

„მილოუკის“ რიგებში ტრადიციულად იანის ანტეტოკოუნმპო 30 ქულით გამოირჩა. 25 ქულა გუნდს კრის მიდლტონმა შესძინა, ხოლო შაბაზ მუჰამედმა სათადარიგო სკამიდან აქტივში 11 ქულა ჩაიწერა.

„ბოსტონი“ სერიაში 2-0 დაწინაურდა და შემდეგ შეხვედას სტუმრად 21 აპრილს გამართავს.

 

პორტლენდი - ნიუ ორლეანი 102 – 111

ყველასთვის მოულოდნელად „პორტლენდმა“ ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრა წააგო. „ტრეილ ბლეიზერსმა“ კვლავ ვერაფერი მოუხერხა ენტონი დევისსა და კომპანიას და 9 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ „პორტლენდმა“ მესამე მეოთხედი 14 ქულიანი სხაობით წააგო და პლეი-ოფის მეორე რაუნდში გასვლის შანსები მნიშვნელოვნად შეიმცირა.

სი ჯეი მაკალუმმა „პორტლენდს“ 22 ქულით ულიდერა, ორმაგი დუბლი ალ ფარუქ ამინუმ მიითვალა - 14 ქულა, 15 მოხსნა. დემიან ლილარდმა თავი მხოლოდ 17 ქულას მოუყარა და 7-დან 1 სამქულიანი გამოიყენა.

„პელიკანსის“ მხრიდან ჯრუ ჰოლიდეი გამოირჩა, 27 წლის უკანახაზელმა მატჩი 33 ქულით და 9 გადაცემით დაასრულა. ტრადიციულად ენტონი დევისმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 22 ქულა, 13 მოხსნა. სამმაგ დუბლამდე ერთი გადაცემა დააკლდა რონდოს - 16 ქულა, 10 მოხსნა, 9 გადაცემა.

„ნიუ ორლეანი“ სერიაში 2-0 დაწინაურდა და შემდეგ შეხვედრას 20 აპრილს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები