5 მიზეზი - როგორ უნდა დაამხოს ახალი სეზონიდან „მანჩესტერმა“ „სიტის“ ჰეგემონია
Aa
Aa

5 მიზეზი - როგორ უნდა დაამხოს ახალი სეზონიდან „მანჩესტერმა“ „სიტის“ ჰეგემონია

მანჩესტერულ დერბიში „ეტიჰადზე“ „იუნაიტედმა“ ულამაზესი „ქამბექი“ შემოგვთავაზა. მოურინიოს გუნდმა საჩემპიონოდ გამზადებულ „სიტის“ ცივი შხაპი გადაასხა და 0:2-დან 3:2 სძლია.

მართალია ამ გამარჯვებამ ბევრი ვერაფერი შეცვალა და „ქალაქელებმა“ ჩემპიონობა უკვე იზეიმეს, მაგრამ ეს გახლდათ გზავნილი, რომელმაც შესაძლოა მომდევნო სეზონში ხორცი შეისხას.

როგორ უნდა დაამხოს ჟოზე მოურინიომ „სიტის“ ჰეგემონია? ამისათვის 5 მიზეზი არსებობს.

1 - პოგბას პოტენციალის სრულად გამოვლენა

პოლ პოგბას 3 წუთიანი მონაკვეთი, რომელიც მან მანჩესტერულ დერბიში ჩაატარა, იყო მისი ნამდვილი სახე.

„ეტიჰადზე“ გამოჩნდა, თუ რა შეუძლია ფრანგს, როდესაც ის თავის პოტენციალს ავლენს.

რაც პოგბამ წელს შემოგვთავაზა, ეს მხოლოდ მისი მინიმუმი იყო. ჟოზე მოურინიო, ფრანგ ფეხბურთელს პოტენციალის სრულად გამოვლენაში უნდა დაეხმაროს.

პოლ პოგბა „იუვენტუსში“ თამაშისას მოედანზე სულ სხვა სტილში მოქმედებდა. „მანჩესტერში“ და საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობისას კი მწვრთნელები გაცილებით სიღრმიდან ათამაშებენ და ეს მისი ოპტიმალური პოზიცია არ გახლავთ.

პოგბას შემოქმედებითი პოტენციალი უსაზღვროა. ის მრავალმხრივი ფეხბურთელია და შეტევების დროს მისი როლი განუსაზღვრელად დიდია, მაგრამ „იუნაიტედი“ ამას ვერ იყენებს. იგივეს თქმა შეგვიძლია დიდიე დეშამზეც.

„მანჩესტერი“ მომდევნო სეზონისთვის ტრანსფერებს განახორციელებს და შემადგენლობაში ცვლილებებს მოახდენს, მაგრამ მარტო ახალი სახეები ვერაფერს შეცვლიან. მთავარი მაინც ტაქტიკური მონახაზია, რომელიც „წითელ ეშმაკებს“ ზედმეტად პრაგმატული აქვთ.

ყველაფერს აზრი დაეკარგება, თუ პოგბა „ოლდ ტრაფორდს“ დატოვებს. ფრანგ ნახევარმცველს მოურინიოსთან უთანხმოება აქვს და ზაფხულში გუნდიდან წასვლას გეგმავს.

„მანკუნიანელთა“ ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ხსენებული კონფლიქტის ჩახშობა და პოგბასთვის მოედანზე იდეალური გარემოს შექმნა იქნება.

2 - მეტი აქტიურობა და კონცენტრაცია

„იუნაიტედს“ ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ინტენსიურად თამაშობენ, მაგრამ ისინი ამას ხშირად არ აკეთებენ. მანჩესტერული დერბი ამ ყველაფერს იდეალურად აღწერს: საწყის 20 წუთში „წითელი ეშმაკები“ ბურთს ფლობდნენ, მაგრამ მას ვერ იყენებდნენ და მომენტების შექმნა უჭირდათ. ტემპიც საკმაოდ დაბალი ჰქონდათ.

მეორე ტაიმის საწყისი წუთებიდანვე „იუნაიტედის“ ფეხბურთელებმა თამაში მეტი ინტენსივობით დაიწყეს და ისინი დაემსგავსნენ გუნდს, რომლის ნახვაც ქომაგებს სურდათ. ეს ყველაფერი კი მოურინიოს დამსახურება იყო, რომელმაც შესვენებაზე მოთამაშეებს შემდეგი რამ უთხრა: „თქვენ გინდათ ასე კლოუნებივით იდგეთ და უყურებდეთ, თუ როგორ იგებენ ისინი ტიტულს“. ამ სიტყვებმა გუნდი აზრზე მოიყვანა და დამუხტა.

მეორე ნახევარში „მანჩესტერმა“ ნამდვილი ფეხბურთი ითამაშა, რომელსაც შედეგიც მოჰყვა.

როდესაც „მანჩესტერი“ ინტენსივობას კარგავს ისინი ისე მარცხდებიან, როგორც ეს „სევილიასთან“ შეხვედრაში მოხდა. ეს, ამის იყო საუკეთესო მაგალითი იყო. „იუნაიტედი“ ჩვეულებრივ გუნდს ჰგავდა.

თუ, მოურინიო ამ პრობლემას მოაგვარებს „მანჩესტერი“ სერიოზულ ძალად იქცევა.

3- სანჩესმა უფრო ხშირად უნდა გაიტანოს

ალექსის სანჩესი „მანჩესტერს“ იანვარში შეუერთდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი, რომელიც ზამთარში განხორციელდა.

ჩილელმა ფეხბურთელმა „ეტიჰადზე“ გამართულ შეხვედრაში მეორე ტაიმი ჩინებულად ჩაატარა, თუმცა მთლიანობაში მას მეტი მოეთხოვება.

„წითელი ეშმაკების“ რიგებში გამართულ 12 მატჩში, მან მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო.

„იუნაიტედის“ თამაში მეტწილად რომელუ ლუკაკუზეა აგებული. ბელგიელი ფორვარდის სტატისტიკა ერთი შეხედვით სოლიდურად გამოიყურება, მაგრამ პრემიერლიგის მოწინავე ექვსეულის წინააღმდეგ, მას მხოლოდ 1 ბურთი აქვს გატანილი.

„მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში 6 მოთამაშე ჰყავს, რომლებსაც 7 და მეტი ბურთი აქვთ გატანილი. “იუნაიტედის“ რიგებში ასეთი მხოლოდ სამია - ლუკაკუ (15), მარსიალი (9) და ლინგარდი (8).

მოურინიოს სურს, რომ ამ სიაში პოგბა და რაშფორდიც იყვნენ. სანჩესს კი გაცილებით მეტი მოეთხოვება და მან, სეზონში საშუალოდ 20 ბურთი მაინც უნდა გაიტანოს.

ჩილელი ფორვარდის საუკეთესო შედეგი პრემიერლიგაში 24 გოლია. „მანჩესტერს“ ჩემპიონობისთვის სანჩესის ფორმაში შესვლა სჭირდება.

4 - სტანდარტულების დროს უკეთესად მოქმედება

მანჩესტერულ დერბიში „სიტის“ ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა, რომ ექნებოდა ეს არავის გაკვირვებია, თუმცა „იუნაიტედის“ ინერტულობა საჰაერო ორთაბრძოლების დროს ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო.

დერბიში ანგარიში კუთხურის შემდეგ გაიხსნა. ვენსან კომპანიმ საჰაერო ორთაბრძოლა ყველას მოუგო და დე ხეას შანსი არ დაუტოვა. ამ გოლის შესახებ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მოურინიომ შემდეგი განაცხადა: „წლევანდელ სეზონში „სიტიმ“ კუთხურიდან უკვე მესამედ გაგვიტანა“. ამის თქმის მომენტში ჟოზე აშკარად გაბრაზებული ჩანდა.

კრის სმოლინგის გამარჯვების მომტანი გოლი „სიტის“ კარში „ქალაქელთათვის“ საჰაერო ორთაბრძოლიდან გაშვებული მხოლოდ მეორე ბურთი იყო.

„სიტის“ „იუნაიტედის“ წინააღმდეგ უპირატესობა რამდენიმე ასპექტში აქვს და თუ მოურინიო ამ პრობლემების მოგვარების გზას გამონახავს, „წითელ ეშმაკებს“ მომდევნო სეზონში თანაქალაქელებთან გამკლავება შეეძლებათ.

5 – „მანჩესტერ სიტი“ „ოლდ ტრაფორდზე“ უნდა დამარცხდეს

„ეტიჰადზე“ „იუნაიტედის“ ბოლო სამი ვიზიტიდან „წითელმა ეშმაკებმა 2 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

„მანჩესტერისთვის“, „სიტის“ მოედანზე წარმატების მიღწევა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა „ოლდ ტრაფორდზე“ გამართულ შეხვედრებზე იგივეს ვერ ვიტყვით. უკანასკნელი ორი საშინაო დერბიდან მოურინიომ ორივე წააგო.

ამ წუთისთვის „სიტი“ „იუნაიტედს“ 13 ქულით ჩამორჩება. რომ არა მარცხი „ოლდ ტრაფორდზე“, ჩამორჩენა 7 ქულა იქნებოდა.

წლევანდელ სეზონში ჟოზე მოურინიოს გუნდმა პრემიერლიგის მოწინვე ექვსეულთან მათთვის სარკეორდო შედეგი დააფიქსირა - 5 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი. რაც შეეხება „სიტის“, პეპ გუარდიოლას გუნდმა 7 მატჩი მოიგო, ფრე არ უთამაშია და 2-ჯერ დამარცხდა.

„მანჩესტერს“ არ შეუძლია გააკონტროლოს, თუ რას იზამს „სიტი“ სხვა გუნდებთან, მაგრამ „ოლდ ტრაფოდზე“ მათი დამარცხება ნამდვილად შეუძლიათ.

ჟოზე მოურინიომ ახალი სეზონის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანაქალაქელი „სიტის“ მსგავსად სატრანსფერო ბაზარზე უაზროდ დიდი თანხის დახარჯვას არ გეგმავს.

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ იმაზე მეტი დავხარჯოთ ვიდრე გვაქვს. რაიმე სიგიჟის ჩადენას არ ვგეგმავთ. უბრალოდ, ოდნავ მეტს დავხარჯავთ.

შევეცდებით, რომ გავუმჯობესდეთ. იგივეს ვაკეთებდით წინა სეზონში, რომელიც ექვსეულში დავასრულეთ, წელს კი უკვე მეორე პოზიციაზე ვიმყოფებით.

მომდევნო სეზონში შევეცდებით, რომ ჩვენი შედეგი გავაუმჯობესოთ. შესაძლოა, „სიტიმ“ კვლავ კოლოსალური თანხა დახარჯოს და სხვებს მათთან კონკურენციის საშუალება არ მისცეს. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით.

საქმე ჩვენსა და „სიტის“ შორის არ არის. საქმე ეხება ჩვენ, „სიტის“, „ლივერპულს“, „არსენალს“, „ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“. ეს ექვსეულს ეხება.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები