Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

მინესოტა - დენვერი 112 - 106

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში 12 შეხვედრა გაიმართა. ტურის ცენტრალური მატჩი მინეაპოლისში ჩატარდა, სადაც „მინესოტა“ და „დენვერი“ ფლეი-ოფის ბოლო საგზურისთვის იბრძოდნენ.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. „მინესოტამ“ გამარჯვება ოვერტაიმში მოიპოვა და ფლეი-ოფის პირველ რაუნდში „ჰიუსტონს“ დაუპირისპირდება.

„მინესოტას“ ჯიმი ბატლერმა ულიდერა 31 ქულით. კარლ ენტონი თაუნსმა მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა - 26 ქულა, 14 მოხსნა. ენდრიუ უიგინსმა კი შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.

„დენვერის“ მხრიდან ნიკოლა იოკიჩი 35 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა. უილ ბარტონმა გუნდს 24 ქულა შესძინა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა გარი ჰარისმა კი მატჩი 10 ქულით დაასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ „მინესოტამ“ 47 მოგება დააგროვა და სეზონი დასავლეთ კონფერენციის მერვე ადგილზე დაასრულა.

 

პორტლენდი - იუტა 102 – 93

მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო „პორტლენდმა“. „ტრეილ ბლეიზერსმა“ შინ საოცარ ფორმაში მყოფ „იუტას“ უმასპინძლა და 9 ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

„ბლეიზერსს“ ლილარდმა 36 ქულითა და 10 გადაცემით ულიდერა. 19 ქულა გუნდს სი ჯეი მაკკოლუმმა შესძინა. ხოლო იუსუფ ნურკიჩმა შეხვედრა 13 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.

„ჯაზმენების“ რიგებში რუდი გობერი 13 ქულითა და ამდენივე მოხსნით გამოირჩა. რიკი რუბიომ გუნდს 17 ქულა შესძინა, ხოლო სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ჯაე კრაუდერმა შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

„პორტლენდმა“ სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ფლეი-ოფის პირველ რაუნდში „ნიუ ორლეანს“ დაუპირისპირდება.

 

ოკლაჰომა - მემფისი 137 -123

რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში „ოკლაჰომამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. „თანდერის“ ლიდერმა - რასელ ვესტბრუკმა 20 მოხსნა მიითვალა და ოსკარ რობერტსონის რეკორდი დაამხო.

„ოკლაჰომას“ პოლ ჯორჯმა 40 ქულით ულიდერა. სტივენ ადამსმა აქტივში 24 ქულა ჩაიწერა, ხოლო კორი ბრიუერმა შეხვედრა 17 ქულით დაასრულა.

ვესტბრუკის სტატისტიკა კი ასე გამოიყურებოდა - 6 ქულა, 20 მოხსნა, 19 გადაცემა.

„მემფისის“ მხრიდან დილონ ბრუქსი 36 ქულით გამოირჩა. ორმაგი დუბლი აქტივში ივან რაბმა ჩაიწერა - 12 ქულა, 13 მოხსნა. ხოლო სათადარიგო სკამიდან ჩემოსულმა მარიო ჩალმერსმა გუნდს 13 ქულა შესძინა.

„ოკლაჰომამ“ სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას „იუტასთან“ დაიწყებს.

 

ნიუ ორლეანი - სან ანტონიო 122 – 98

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ნიუ ორლეანმა“. ენტონი დევისმა და კომპანიამ „სან ანტონიო“ 24 ქულიანი სხვაობით გაანადგურა.

„პელიკანსს“ ჯრუ ჰოლიდეიმ 23 ქულით ულიდერა. ენტონი დევისმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 22 ქულა, 15 მოხსნა. ნიკოლა მიროტიჩმა კი შეხვედრა 21 ქულით დაასრულა.

„სპურსის“ რიგებში 10 ქულიან ნიშნულს ერთბაშად 6 კალათბურთელი გადაცდა. ლამარკუს ოლდრიჯმა 11 ქულა მიითვალა. ასევე 11 ქულა აქტივში ტონი პარკერმა ჩაიწერა.

„სან ანტონიო“ ამ მარცხის შემდეგ მე-7 ადგილამდე დაქვეითდა და პირველ რაუნდში ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს - „გოლდენ სტეიტს“ დაუპირისპირდება.

სხვა მატჩების შედეგები:

საკრამენტო - ჰიუსტონი 96 – 83

ბოსტონო - ბრუკლინი 110 – 97

ჩიკაგო - დეტროიტი 87 – 119

კლიპერსი - ლეიკერსი 100 – 115

მაიამი - ტორონტო 116 – 109

ფილადელფია - მილოუკი 130 – 95

კლივლენდი - ნიუ იორკი 98 – 110

ორლანდო - ვაშინგტონი 101 – 92

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები