IBF-მა გენადი გოლოვკინს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა
გენადი გოლოვკინს საკმაოდ რთული კვირა ჰქონდა. ყაზახ მოკრივეს კანელოსთან მოლაპარაკებებისას ხელი მოეცარა და ოთხშაბათს IBF-მა ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა. ალვარესთან საქმე მარტივადაა, მექსიკელი გენადის ფინანსების 50-50-ზე გაყოფას სთავაზობს, რაც გოლოვკინისთვის მიუღებელია. რაც შეეხება ტიტულის ჩამორთმევას აქ სიტუაცია საკმაოდ ჩახლართულია. IBF-მა გოლოვკინს ჩემპიონის ქამარი სავალდებულო ოპონენტთან, სერგეი დარევიანჩენკოსთან ბრძოლაზე უარის თქმის გამო ჩამოართვა.

“ESPN”-თან საუბრისას გოლოვკინის პრომოუტერმა, ტომ ლოეფლერმა განაცხადა:“შოკირებულები ვართ. მათ დარევიანჩენკოს მოთხოვნა დააკამყოფილეს, მაგრამ IBF გაცილებით შორს წავიდა. უკრაინელებს საჩემპიონო ბრძოლა სურდათ და არა ტიტულის ჩამორთმევა. ვფიქრობ IBF გენადის საშინლად მოექცა. სიმართლე გითხრათ მსოფლიო ჩემპიონის მიმართ განხორციელებული ასეთი სისაძაგლე არასდროს მინახავს. გოლოვკინი უბრალოდ იმედგაცრუებულია“...

23 მაისს მებრძოლები და მათი წარმომადგენლები ერთმანეთს ნიუ ჯერსიში შეხვდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. კრივის მმართველ ორგანოებს გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღე ჰქონდათ და ყველაფერი ოთხშაბათს გოლოვკინისთვის ჩამორთმეული ტიტულით დასრულდა.

პრობლემები მას შემდეგ წარმოიშვა, რაც კანელო ალვარესთან ბრძოლის ნაცვლად (ამ უკანასკნელს დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს) გოლოვკინი მარტიროსიანს დაუპირისპირდა. მექსიკელი მისი სავალდებულო ოპონენტი იყო და გამომდინარე კრივის მმართველი ორგანიზაციების წესებისა გენადის მარტიროსიანის ნაცვლად რეიტინგში კანელოს ქვევით მდგომ მოკრივესთან უნდა ეჩხუბა. IBF-მა ვანესთან გამართული დაპირისპირების აღიარებაზე უარი განაცხადა, თუმცა გამონაკლისი დაუშვა და გოლოვკინს ტიტული შეუნარჩუნა. IBF-მა ყაზახს ამის სანაცვლოდ ორი მოთხოვნა წამოუყენა. ერთ-ერთი მოთხოვნის მიხედვით გოლოვკინს უკრაინელთან ბრძოლის გამართვის შესახებ წერილობით თანხმობა უნდა გაეცხადებინა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახმა ეს პირობა არ შეასრულა IBF-მა მისი ქამარი ვაკანტურად გამოაცხადა.
საჩემპიონო ტიტულისთვის დარევიანჩენკოს მეტოქე როტაციის სისტემით შეირჩევა, ამ უკანასკნელმა პირველი ოპონენტის წოდება 2017 წელს, ტურეანო ჯონსონის დამარცხებით მოიპოვა.