Aa
Aa

"საქართველოს მთავარი სახე იაპონიაში" - ტოჩინოშინი და კოკაი ელჩმა დააჯილდოვა

იაპონიის ელჩმა საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარამ, ამ ორ ქვეყანას შორის დამყარებული ურთიერთობისა და მეგობრობისათვის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და ლევან ცაგურია (კოკაი) დააჯილდოვა.

ტადაჰარუმ ქართველი სუმოისტები საკუთარ რეზიდენციაში მიიღო და მათ სპეციალური სიგელები გადასცა. 

აღნიშნულ ცერემონიას კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძეც ესწრებოდა. იქ იმყოფებოდნენ მთავრობისა და მედიის წარმომადგნლებიც.

ტოჩინოშინის წარმატებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება გაავრცელა.

"პირველი ქართველი ოძეკი სამშობლოშია. ტოჩინოშინის გამარჯვებებით ქართველ და იაპონელ ხალხს შორის სერიოზული ხიდი გაჩნდა. დღეს ის საქართველოს მთავარი სახეა იაპონიაში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და იაპონიას დიდი მანძილი აშორებთ, ჩვენი ხალხების ხასიათში ბევრი საერთოა და განსაკუთრებულია ტოჩინოშინის როლი იაპონელი ხალხისთვის ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობაში.

ქართველი ხალხის ასეთი ერთსულოვანი გულშემატკივრობა, როგორც ტოჩინოშინის შეჯიბრებების დროს გამოჩნდა, მართლაც უიშვიათესია. 

ლევანი ამბობს, რომ მისი გამარჯვებები დიდწილად მთელი საქართველოს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობის დამსახურებაა. 

„გქონდეთ ჩვენი იმედი, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი“ - მითხრა დამშვიდობებისას.  რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაქვს მისი იმედი. მჯერა, წინ კიდევ დიდი გამარჯვებებია". - წერია კვირიკაშვილის განცხადებაში.