ფორმულა 1:  სტატისტიკა
Aa
Aa

ფორმულა 1: სტატისტიკა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-17 ეტაპის - მექსიკის გრან-პრის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი შემოგვთავაზა.

კვალიფიკაცია

ნიკო როსბერგმა კარიერაში მე-20 პოული მოიპოვა. ამდენივე აქვს მსოფლიოს 1996 წლის ჩემპიონს დეიმონ ჰილს. გერმანელისთვის ეს იყო 38-ე სტარტი პირველი რიგიდან, რითაც გაუთანაბრდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ჯეკ ბრებემს.

როსბერგამდე არც ერთ გერმანელ პილოტს არ აუღია სტარტი მექსიკის გრან-პრიზე პირველი რიგიდან. საუკეთესო სასტარტო პოზიცია ჰქონდა მიხაელ შუმახერს, რომელმაც 1992 წელს, კვალიფიკაციაში მესამე ადგილი დაიკავა. ახლა, გერმანელ პილოტებს ჯამში 145 პოული აქვთ - 90-ით ნაკლები, ვიდრე ბრიტანელებს.

"მერსედესი" გაუთანაბრდა "რენოს" პოულების რაოდენობით. ეს გუნდები საერთო რეიტინგში მეექვსე ადგილებს იყოფენ. გარდა ამისა, "მერსედესი" გახდა პირველი გუნდი ისტორიაში, რომელმაც სეზონში 13-ჯერ შეძლო სასტარტო ბილიკის პირველი ხაზის დასაკუთრება.

 

პოულების რეიტინგი:

1. Ferrari         208

2. McLaren      155

3. Williams      128

4. Lotus            107

5. Red Bull       57

6. Mercedes     51

6. Renault        51

7. Brabham      39

8. Benetton     15

9. Tyrrell         14

10. Alfa Romeo           12

 

ლუის ჰემილტონმა კარიერაში 88-ედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან. მან გაუსწრო აირტონ სენას, რომელიც მეორე ადგილზე იყო შესაბამის სიაში. ახლა, ბრიტანელი ამ მაჩვენებლით მხოლოდ მიხაელ შუმახერს ჩამორჩება (116 სტარტი პირველი რიგიდან).

ზედიზედ 100 ეტაპია კიმი რაიკონენს პოულიდან სტარტი არ აუღია. ბოლოს მან 2008 წელს, საფრანგეთში მოიგო კვალიფიკაცია.

პირველად ისტორიაში, სასტარტო ბილიკის ბოლო სამი ადგილიდან სტარტი აიღო მსოფლიოს სამმა ჩემპიონმა.

 

რბოლა

ნიკო როსბერგმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა - პოული, მოგება და რბოლის საუკეთესო წრე. მის თანაგუნდელს ლუის ჰემილტონს ცხრა ჰეთ-თრიკი აქვს და აქედან შვიდი - გასული სეზონის სტარტიდან მოყოლებული შეასრულა. ნიკომ შეწყვიტა რვარბოლიანი მოუგებელი სერია. ასეთი წარუმატებელი პერიოდი მას ბოლო ორწელიწადნახევარია არ ჰქონია.

როსბერგმა კარიერაში მე-12 გამარჯვება მოიპოვა. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა მარიო ანდრეტის, კარლოს როიტემანსა და ალან ჯონსს. ეს პილოტები საერთო რეიტინგში 23-ე ადგილს იყოფენ.

წლევანდელ სეზონში მესამედ (ავსტრიისა და ბელგიის შემდეგ), "მერსედესი" სრულად დომინირებდა სარბოლო უქმეების დროს: დაიკავა პირველი რიგი სასტარტო ბილიკზე, ლიდერობდა სტარტიდან ფინიშამდე, გაიარა ორი საუკეთესო წრე და მოიპოვა დუბლი.

სებასტიან ფეტელმა შეწყვიტა ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი სერია ავარიის მიზეზით გამოვარდნების გარეშე. ბოლოს, ამ მიზეზით გერმანელი 2010 წელს, თურქეთის გრან-პრიზე გამოეთიშა ბრძოლას.

პირველად 2006 წლის შემდეგ, კიმი რაიკონენი ზედიზედ ორ რბოლას გამოეთიშა ავარიის გამო.

პირველად 2009 წლის ავსტრალიის გრან-პრის შემდეგ, "ფერარის" ორივე პილოტი გამოეთიშა ბრძოლას, მაგრამ მაშინ, რაიკონენი მაინც მოხვდა საბოლოო ოქმში. ბოლო რბოლა, რომელშიც "ფერარის" ორივე წევრი დროის გარეშე დარჩა, 2006 წელს, ავსტრალიაში გაიმართა - 180 რბოლისა და 3500 დღის წინ.

ცხელი ამბები