''ქევხიშვილის გადაწყვეტილება დაგვიანებული იყო'' - ხაბარელი პრეზიდენტის გადადგომას გამოეხმაურა
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა დავით ქევხიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი აზრით ქევხიშვილის გადაწყვეტილება დაგვიანებული იყო.
''უმჯობესი იქნებოდა მას რომ უფრო ადრე გაეკეთებინა განცხადება გადადგომის შესახებ, მაგრამ ძალიან კარგია რომ ეს ნაბიჯი გადადგა. ვფიქრობ მისთვის ეს ნაბიჯი უფრო კარგის მომასწავებელია. ძიუდოისტები განაახლებენ სავარჯიშო პროცესს და მოემზადებიან მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ჩემი აზრით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მეტ-ნაკლებად სასურველ ფორმაში იქნებიან'' - განაცხადა ხაბარელმა ტელეკომპანია ''იმედთან'' საუბარში.
შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვდნენ. ისინი უარს ამბობდნენ ვარჯიშსა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღებაზე.
გასულ დღეებში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის სისხლიანი გარჩევა დაფიქსირდა და დიდი ალბათობით ამ ფაქტმა განაპირობა ქევხიშვილის გადაწყვეტილება. სისხლიანი გარჩევის შემდეგ ეროვნული ნაკრების პროტესტს ახალგაზრდული ნაკრებიც შეუერთდა.
იხილეთ დავით ქევხიშვილის განცხადება გადადგომის შესახებ
''ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. რა თქმა უნდა აქამდეც შემოძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს ინტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და შესაბამისად სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს როგორც არასდროს, არამხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს, რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.
დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევის და შრომის ფასად შევქმენით ძალიან მალე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ჩვენს ქვეყანას.
პატივისცემით
დავით ქევხიშვილი''