Aa
Aa

"ფიცის დადებამდე ბევრს  ვნერვიულობდი" - ოძეკი ტოჩინოშინის პირველი კომენტარი

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ოთხშაბათს ქართველი სეკიტორს, ტოჩინოშინს, ოძეკის წოდება გადასცა. ლევან გორგაძე მესამე ევროპელი გახდა, რომელმაც სუმოს იერარქიაში რიგით მეორე რანგი მიიღო.

ტრადიციის თანახმად, სუმოს ასოციაციის მესვეურები ლევანის კლუბს, "კასუგანო ბეიას" ესტუმრნენ და ქართველ ფალავანს, მისი ოიაკატას (კლუბის პრეზიდენტი) თანხლებით, სუმოს ასოციაციის დადგენილება გააცნეს, რომლის თანახმადაც, დღეიდან ლევან გორგაძე ოძეკის ზე-პრესტიჟული ტიტულის მფლობელია!

"ვეცდები ჩემი ოჯახის ("თავლა") უფროსის სწავლებებს მივყვე და ბევრს ვიშრომებ, რომ სხვა სუმოისტების მისაბაძ მაგალითად ვიქცე".

ცერემონიის შემდეგ ქართველმა სეკიტორმა განაცხადა: „ფიცის დადებამდე ბევრს  ვნერვიულობდი, წინა ღამით 5-6-ჯერ გამეღვიძა“.

„ძალიან მინდოდა ფიცის წარმოთქმისას ჩემი ოჯახის უფროსზე მესაუბრა. მან ყველაფერი ნულიდან დაიწყო. პირველად, როდესაც ოჯახში (თავლაში) მოვედი იაპონურად არცერთი სიტყვა ვიცოდი და სუმოს შესახებ არანაირი წარმოდგენა არ მქონდა“.

ოჯახის ლიდერმა, კასუგანომ, რომელიც ფიცისას ტოჩინოშინის გვერდით იჯდა, ქართველის წარმატებით მიღებული გაოცება ვერ დამალა და განაცხადა: „იანვარში ტოჩინოშინის მიერ ჩემპიონობის მოპოვება ჩემთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი ოძეკი ეყოლებოდა. უბედნიერესი ადამიანი ვარ და ძალიან მიხარია, რომ ზედიზედ ორჯერ სასიამოვნოდ გავოცდი. მსურს, იგი ისეთ სუმოისტად იქცეს, რომელსაც ჩემპიონობის შანსი ყოველ ბაშოზე ექნება“.

ტოჩინოშინის დაწინაურების გადაწყვეტილება იაპონიის სუმოს ასოციაციის საბჭომ ერთხმად მიიღო, რაც მისი წარსულიდან გამომდინარე საოცარი შედეგია. მიუხედავად 2008 წლის მაკუუჩის დივიზიონში დებიუტისა, ტოჩინოშინი 2014-ში ტრავმის გამო რიგით მესამე, მაკუშიტას დივიზიონში გავარდა და ოძეკის წოდების მისაღებად 60 ბაშოს ჩატარება დასჭირდა.

იოკოძუნას რანგის მოსაპოვებლად ოძეკს ზედიზედ ორი ბაშოს მოგება ან მათი წარმატებულად ჩატარება სჭირდება. რაც შეეხება დაქვეითებას, თუ ოძეკის წოდების მქონე სუმოისტი ზედიზედ ორ ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს იგი სეკივაკე გახდება. ხოლო თუ ამ რანგის ქონისას 10-ზე მეტ ორთაბრძოლაში გაიმარჯვებს კვლავ ოძეკობას დაუბრუნდება.

ცხელი ამბები