Aa
Aa

"უმცროსი ბორჯღალოსნები" VS სამხრეთ აფრიკა - სასტარტო შემადგენლობა ცნობილია!

30 მაისს, საქართველოს დროით 20:30 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გამართავენ.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები პერპინიანში, შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ სამხრეთ აფრიკას შეხვდებიან. მწვრთნელებმა უკვე შეარჩიეს ის 23 მორაგბე, რომლებიც წლევანდელი ჩემპიონატის გახსნით მატჩში ითამაშებენ.

სასტარტო თხუტმეტეულში ყველაზე მეტი მოთამაშე ‘ლელო-სარასენსიდანაა’ - 5 (კიდევ ორი მარქაფაშია); ძირითადშია ქუთაისის ‘აიას’ 4 მორაგბე; ორი ‘არმაზიდან’ (ორიც მარქაფაშია); ერთი ‘ჯიქიდან’ (4 მარქაფაშია), ხოლო სამი ლეგიონერია - ორი საფრანგეთიდან და ერთი ინგლისიდან.

სასტარტო შემადგენლობაში 8 ისეთი მოთამაშეა, რომლებმაც 20-წლამდელთა ჩემპიონატი შარშანაც ითამაშეს: გურამ გოგიჩაშვილილევან პაპიძებექა საღინაძელაშა ჯაიანითორნიკე ჯალაღონიაარსენ მაჩალაძეთედო აბჟანდაძე და გელა აფრასიძე. აფრასიძესთვის ეს მესამე მსოფლიოს ჩემპიონატია. კიდევ ორი გამოცდილი - თენგიზ ზამთარაძე და ლუკა დვალიშვილი თადარიგშია.

ნაცნობი მეტოქე

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ მონაწილეობენ. შარშან და შარშანწინ გუნდმა თითო-თითო თამაში მოიგო, ორივე ჯერზე მე-10 ადგილი დაიკავა და 12-გუნდა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.

სამხრეთ აფრიკამ გასულ 10-ივე ჩემპიონატში ითამაშა და 8-ჯერ პრიზიორი გახდა. ‘ჯუნიორ ბოკემ’ 2012 წელს ჩემპიონობა იზეიმა, 2014 წელს ვერცხლის მედლებს დაეუფლა, ხოლო 6-ჯერ ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

უმცროსი ბორჯღალოსნებისა და სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელების გზები პირველად შარშან, საქართველოში გამართული ჩემპიონატის მეორე ტურში გადაიკვეთა და სტუმრებმა 38:14 იმარჯვეს.

ამა წლის აპრილში ქართველი 20-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე იმყოფებოდნენ და მეტოქესთან ორი საკონტროლო მატჩი გამართეს. პირველ შეხვედრაში არსენ მაჩალაძემ და ბექა მამუკაშვილმა ლელოები გაიტანეს, თედო აბჟანდაძემ ორივე გარდასახა, თუმცა გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 55:14.

მეორე მატჩი ქართველმა მორაგბეებმა უკეთ ჩაატარეს, მრისხანე მეტოქეს 60 წუთი ტოლსწორად ერაგბნენ, თუმცა დასკვნითი წუთები სამხრეთ აფრიკის იყო და თამაშიც მათი გამარჯვებით დასრულდა - 48:23. უმცროსი ბორჯღალოსნების ყველა ქულა აბჟანდაძის ანგარიშზეა, რომელმაც 2 ლელო, 2 გარდასახვა და 3 ჯარიმა გაიტანა.

შეგახსენებთ, „გ“ ჯგუფში საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის გარდა საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებები თამაშობენ; „ა“ ჯგუფში ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი და იაპონია; ხოლო „ბ“ ჯგუფში ინგლისი, შოტლანდია, იტალია და არგენტინა.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, სამი მოწინავე და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის, დანარჩენი ორი მეორეადგილოსანი და ორი უკეთესი მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილისთვის თამაშობს, ხოლო უარესი მესამეადგილოსანი და სამი აუტსაიდერი მე-9 ადგილისთვის და გაისად ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ელიტას ბოლო, მე-12 გუნდი ემშვიდობება და მის ადგილს ‘ალაფის’ გამარჯვებული იკავებს.

2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

30 მაისი - 17 ივნისი | საფრანგეთი | ბეზიე, პერპინიანი, ნარბონი

rugby.ge