"ძიუდოს ბედი არავის აღელვებს" - ხაბარელმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა
ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომლის მიზანიც ნაკრების ახალი მწვრთნელის მოსმენა იყო. ლუის ვაიდენბოში საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
სხდომას, აღმასკომის წევრი და სპორტისა და ახალგაზრდობის კომპტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შოთა ხაბარელიც ესწრებოდა, რომელმაც პროტესტის ნიშნად იგი დატოვა და განაცხადა, რომ ძიუდოს ბედი არავის აღელვებს და ფედერაციის ხელმძღვანელები პირადი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ.
ხაბარელის განცხადებით, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, პირველ პლანზე ფედერაციასა და ძიუდოისტებს შორის სიტუაციის დალაგება უნდა იყოს.
ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი დღეს არ განიხილებოდა და აღმასკომი მხოლოდ მწვრთნელის მოსმენისთვის შეიკრიბა.
შეგახსენებთ, რომ თვეზე მეტია ძიუდოისტები ბოიკოტს აცხადებენ და საერთაშორისო ტურნირებზე წასვლას არ აპირებენ, მათი მოთხოვნა ქევხიშვილის გადადგომაა. ამასთან დაკავშირებით, გუშინ, პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია გაიმართა.