ტოჩინოშინმა "ნაცუ ბაშო" გამარჯვებით დაასრულა! - ქართველს ჩემპიონობამდე 1 მოგება დააკლდა
მაისის "ნაცუ ბაშოს" დასკვნით, მე-15 დღეს, ლევან გორგაძის მოწინააღმდეგე იაპონელი სეკიტორი, შოტა იკიოი იყო, რომელსაც ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულება გარანტირებული ჰქონდა.
იკიოი 31 წლისაა და რანგით მე-5 მაეგაშირა გახლავთ, ტოჩინოშინი აქამდე მას 10-ჯერ შეხვედროდა და 6-ჯერ გამარჯვებისთვისაც მიუღწევია.
ქართველმა ორთაბრძოლა საკმაოდ იოლად მოიგო. მან მავაშში ჩავლების აღება შეძლო და მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა. ტოჩინოშინს მოგება-წაგებათა ბალანსი 13:2-ზე გაუხდა და ფლეი-ოფში კაკურიუსთან დაპირისპირების შანსი გაუჩნდა.
ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი კაკურიუ თავის ორთაბრძოლას ჰაკუჰოსთან დათმობდა, თუმცა ასე არ მოხდა და მონღოლმა იოკოძუნა, კაკურიუმ თავისი მე-5 ბაშო მოიგო.
გორგაძისათვის "ნაცუ ბაშო" ყველა ვარიანტში წარმატებული გამოდგა, რადგან მან სუმოს იერარქიაში მე-2 წოდება, ოძეკი მოიპოვა და ამიერიდან სწორედ ამ სტატუსით იბრძოლებს. სუმოს ისტორიაში, ტოჩინოშინი მე-3 ევროპელია, რომელმაც ოძეკის წოდება მიიღო.