რა შემთხვევაში მოიგებს ტოჩინოშინი
Aa
Aa

რა შემთხვევაში მოიგებს ტოჩინოშინი "ნაცუ ბაშოს"? ჰაკუჰოს იმედად და პლეი-ოფის მოლოდინში!

ლევან გორგაძემ "ნაცუ ბაშოს" მე-14 დღეს მონღოლ იოკოძუნა კაკურიუსთან ძალიან დასანანი მარცხი იწვნია.

როგორც ბრძოლამდე გახდა ცნობილი, ტოჩინოშინს მე-13 დღეს შოდაისთან დამარცხების შემდეგ (დაცემის დროს) მარჯვენა ხელის მტევანი ტავარასა და საკუთარ სხეულს შორის მოჰყვა. დღეს ჩატარებული გამოკვლევისას ორი ძვლის მოტეხილობა დადგინდა, მიუხედავად ამისა ლევანმა ორთაბრძოლა მაინც გამართა.

ორთაბრძოლის დროს კარგად გამოჩნდა, რომ ხელის ტრავმის გამო ტოჩინოშინმა მავაში ვერ აიღო, კაკურიუს ისე ვერ ჩაავლო როგორც თავად სურდა და ამის შემდეგ ბრძოლა მონღოლის სცენარით წარიმართა.

მიუხედავად დასანანი მარცხისა ლევან გორგაძეს "ნაცუ ბაშოს" მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვს.

რა შემთხვევაში მოხდება ეს?

ლევანს ამ მომენტისთვის აქვს ასეთი ბალანსი - 12 მოგება და 2 მარცხი.

კაკურიუს აქვს 13 მოგება და 1 მარცხი. ხოლო, ჰაკუჰოს 11 მოგება და 3 მარცხი. "თეთრმა ფენიქსმა" დღეს მოულოდნელად იჩინოჯოსთან წააგო.

ლეგენდარულმა ჰაკუჰომ ჩემპიონობის შანსი უკვე დაკარგა. დარჩა მხოლოდ ლევანი და კაკურიუ.

თუ, ხვალინდელ ორთაბრძოლაში ჰაკუჰო კაკურიუს დაამარცხებს და ლევან გორგაძე თავის ბრძოლას უმოტივაციო და მცირე ტრავმით მყოფ მე-5 მაეგაშირა იკიოის მოუგებს, "ნაცუ ბაშოს" ფინალური დღის შემდეგ ტოჩინოშინსა და კაკურიუს ერთნაირი ბალანსი ექნებათ - 13 მოგება და 2 მარცხი.

ამის შემდეგ დაინიშნება სუპერ ბრძოლა, ანუ პლეი-ოფი, სადაც ერთმანეთს ლევანი და კაკურიუ შეერკინებიან.

მაგრამ, მაგრამ მაგრამ... ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ქართველ სუმოისტს მოტეხილი მაჯით ერთ დღეში ზედიზედ 2 ბრძოლის ჩატარება მოუწევს.

როგორც წესი, პლეი-ოფი ფინალური დღის დასრულებისთანავე იმართება.

ამ ფაქტის გათვალისწინებით, ტოჩინოშინს არნახული გამძლეობის გამოვლენა მოუწევს, რაც მოტეხილი მაჯით ურთულესი იქნება.

მეორეს მხრივ, არის პლიუსიც. კაკურიუ ნამდვილ ტიტანს ჰაკუჰოს ხვდება და ის უფრო მეტად დაღლილი იქნება, ვიდრე ლევანი.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ყოველგვარ აზრს დაკარგავს, თუ კაკურიუ ბრძოლას მოიგებს, მაგრამ ამის ალბათობა საკმაოდ დაბალია, რადგან ჰაკუჰო მას ურთიერთშეხვედრებში 41-6-ს უგებს.

ჰაკუჰო კაკურიუს ურთიერთშეხვედრების დროს განკითხვის დღეს უწყობს!

 

ნებისმიერ შემთხვევაში ლევან გორგაძე მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს. ამდენი ტრავმის ფონზე, რომელიც მას ბოლო ორი ბაშოს დროს ჰქონდა, მისი შედეგები უბრალოდ გამაოგნებელია.

27 მაისი, შესაძლოა სუმოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დღედ იქცეს. ამ ყველაფერს მცირე იღბალი და დიდი მონდომება სჭირდება. 

ხვალ  ლეგენდარული "თეთრი ფენიქსის" იმედად ვართ!

ცხელი ამბები