ტოჩინოშინი თავისივე შეტევისას დაეცა - დასანანი მარცხი "ნაცუ ბაშოს" მე-13 დღეს
ქართველის სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინ ცუიოში მაისის "ნაცუ ბაშოზე" გამოსვლას აგრძელებს და გათამაშების მე-13 დღეს შოდაის დაუპირისპირდა.
ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე მოგება-წაგებათა ბალანსი 12:0-ზე ჰქონდა, შოდაი ნაოიამ კი 12-დან 7 ორთაბრძოლა მოიგო. 26 წლის იაპონელი რანგით მე-4 მაეგაშირაა, მისი სიმაღლე 184 სმ.-ია, წონა კი - 163 კგ.
ეს სეკიტორები ერთმანეთს მეცხრედ ხვდებოდნენ, აქამდე 5-ჯერ ქართველმა მოიგო, ხოლო 3-ჯერ მისმა მოწინააღმდეგემ.
შოდაის გუშინ მომავალ ორთაბრძოლაზე და კონკრეტულად ტოჩინოშინზე ჰკითხეს, რაზეც მან ასე უპასუხა:
"არ მინდა, რომ მას მავაშში ჩავლების აღების საშუალება მივცე. ის ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და ვცდილობ, უცნაურ საკითხებზე ფიქრს თავი ავარიდო". - განაცხადა შოდაიმ.
შოდაიმ გეგმა კარგად შეასრულა და ტოჩინოშინს მავაშში ჩავლების აღების საშუალება არ მისცა. იაპონელმა ჩვენებურს სწრაფი ორთაბრძოლა შესთავაზა და ფავორიტად შერაცხული ქართველი თავისსავე შეტევისას დაეცა.
ტოჩინოშინმა სენსაციური მარცხი იწვნია, რამაც მისი ხვალინდელი მეტოქის, კაკურიუს ჩემპიონობის შანსები საგრძნობლად გაზარდა, თუმცა ქართველსაც არანაკლები შანსი აქვს და ყველაფერს დარჩენილი 2 დღის შედეგები გადაწყვეტს. ორივე სეკიტორის აქტივში 12 მოგება და 1 მარცხია.
ლევან გორგაძე ტურნირის მე-14 დღეს სწორედ კაკურიუს შეხვდება და ეს დაპირისპირება, დიდი ალბათობით, ბაშოს გამარჯვებულისთვის ბრძოლაში გარდამტეხი იქნება. ჰაკუჰოს მსგავსად, კაკურიუც იოკოძუნას სტატუსის მფლობელია. ჰაკუჰოს მსგავსი წოდების ქონის მიუხედავად, კაკურიუს მასთან ვერ გავათანაბრებთ, რადგან პირველ მათგანს მაკუუჩი დივიზიონის 40 ბაშო აქვს მოგებული, ხოლო ქართველის ხვალინდელ მეტოქეს - 4.
რაც შეეხება ლევანისა და კაკურიუს ურთიერთშეხვედრებს, მონღოლს დიდი უპირატესობა აქვს, გამართული 23-დან 21 ორთაბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდა.
ხვალინდელი დაპირისპირება კი ბაშოს საჩემპიონო რბოლაში ძალიან ბევრს გადაწყვეტს და შეიძლება საერთოდ გარდამტეხიც გამოდგეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კაკურიუს ჰაკუჰოსთან ბრძოლა ჯერ არ ჩაუტარებია. მას თანამემამულის დამარცხება ძალიან უჭირს და გამართული 47 ურთიერთშეხვედრიდან მხოლოდ 6-ჯერ მოუგო.