ძიუდოისტთა საპროტესტო აქცია და უცვლელი მოთხოვნა - სპორტსმენები ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ
Aa
Aa

ძიუდოისტთა საპროტესტო აქცია და უცვლელი მოთხოვნა - სპორტსმენები ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ

ძიუდოში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ''ვაკის პარკში'' აქცია გამართეს. შეკრებილთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ძიუდოისტთა გარდა ახალგაზრდული ნაკრების წევრებიც იმყოფებოდნენ. ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-თან მოქმედმა ძიუდოისტებმა ისაუბრეს.

''ჩვენი მოთხოვნა უცვლელია. დავით ქევხიშვილმა პოსტი უნდა დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავარჯიშო პროცესსა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას არ მივიღებთ. სპორტული კარიერის დასრულებაც რომ მომიწიოს, ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ დავნებდებით'' - განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

''პრეზიდენტი ფედერაციას ერთპიროვნულად მართავს და ჯანსაღი გარემოს შექმნას არ უწყობს ხელს'' - აღნიშნა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა. მან წარმოადგინა დოკუმენტები, რომლის მიხედვით ხორვატიაში საკუთარი სახსრებით იმყოფებოდა. ლიპარტელიანის თქმით ქევხიშვილმა საწინააღმდეგო შინაარსის განცხადება გააკეთა.

''მას შემდეგ რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხორვატიაში ჩემი სახსრებით ვიმყოფებოდი, ქევხიშვილმა მომიგზავნა პირი, რომელმაც მთხოვა თავი შემეკავებინა ხმამაღალი განცხადებებისგან. ამ პირმა ასევე მითხრა, რომ თანხას ამინაზღაურებდნენ და ეს მართლაც ასე მოხდა, მაგრამ რომ არ მქონოდა თანხა როგორ შევძლებდი გამგზავრებას?'' -  აღნიშნა ლიპარტელიანმა.


 

ცხელი ამბები