პირველად რვა საუკეთესოს შორის - საქართველომ პოლონეთი დაამარცხა
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და საუკეთესო რვა გუნდს შორის პირველად მოხვდა. პოლონელებთან გამართული თამაშის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი, ბესო არველაძის მომზადებულმა ფეხბურთელებმა 2:1 გაიმარჯვეს.
მატჩის დებიუტშივე პოლონელები დაწინაურდნენ, თუმცა მათი სიხარული სულ რაღაც წუთნახევარი გაგრძელდა, რადგან ძალიან მალე ლაშა ფოფხაძემ წონასწორობა აღადგინა. რაც შეეხება პენალტების სერიას, მინი ფეხბურთში 3-3 დარტყმა სრულდება. საქართველოს ნაკრების რიგებიდან გიორგი ხაბალაევმა და გიორგი ზუნტუროვმა გაიტანეს, ხოლო დავით ხუბუტიას მეკარემ აუღო. რაც შეეხება პოლონელებს მათ სამიდან ერთი დარტყმა ძელს გაარტყეს, ერთი ააცილეს, მხოლოდ ერთი გაიტანეს და ტურნირს გამოეთიშნენ.
ცნობისათვის, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილი დასახელდა. ჩვენი გუნდის მეტოქე მეოთხედფინალში კი, უკრაინა-პორტუგალიის წყვილის გამარჯვებული იქნება.