Aa
Aa

„სიტი“ VS „ლივერპული“ - წინასამატჩო მიმოხილვა

დღეს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი, მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება. ერთმანეთს წყვილები: რომა - ბარსელონა და მანჩესტერ სიტი - ლივერპული დაუპირისპირდებიან.

პრემიერ ლიგის გრანდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება, ლივერპულის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. გოლები სალაჰმა, ოქსლეიდ ჩემბერლენმა და მანემ გაიტანეს. ქალაქელების სამბურთიანი სხვაობის დაძლევა და შემდეგ ეტაპზე გასვლა ალბათ ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება, თუმცა ბარსელონას მიერ პსჟ-სთან დაძლეული სხვაობის შემდეგ გულშემატკივარი უკვე ყველაფერს მოელის.

გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციები უკვე გამართეს. იურგენ კლოპის თქმით, წყვილში ჯერ ყველაფერი გარკვეული არაა, რადგან შემდეგ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი გადის. ლივერპულს კი ჯერ მეორე თამაში არ მოუგია. კლოპმა კომენტარი მოჰამედ სალაჰზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მოედანზე გამოსვლა 100 პროცენტით გადაწყვეტილი არაა, რადგან მას მცირე ტრავმა აქვს, თუმცა კლოპის თქმით სალაჰი უფრო ითამაშებს, ვიდრე არა.

იურგენ კლოპი  - „არასდროს ვინტერესდები იმით თუ ვინაა ფავორიტი, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ეს წინა შეხვედრაშიც გამოჩნდა, როდესაც პრემიერ ლიგის გამარჯვებულს ვეთამაშებოდით და ფავორიტებად სწორედ მათ თვლიდნენ, შემდეგ კი რაც მოხდა ყველამ ნახა. ჩემთვის მთელ თამაშად ორივე დაპირისპირება ითვლება და არა ერთში გამარჯვება. წინა შეხვედრას ჩვენთვის არაფერი შეუცვლია, რადგან ჩვენ მოედანზე ისევ უნდა გავიდეთ, მატჩის სადავეები ჩავიგდოთ და გოლები გავიტანოთ. ხოლო როდესაც სასტვენის ხმას გავიგებთ, სწორედ მაშინ გაირკვევა ვინ მოიგო. პირველი შეხვედრის შემდეგ არ შევცვლილვარ, ჩვენ უბრალოდ დავწინაურდით. ამ შედეგმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა ყველამ ვიცით რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ და არ ვფიქრობთ იმაზე თუ ვინაა ფავორიტი. ჩვენ უბრალოდ შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცდებით.“

„ნამდვილად არ მგონია, „ბარსელონა“ იმას ფიქრობდეს, რომ, უკვე შემდეგ ეტაპზე გავიდა. რადგან ეს ფეხბურთია, სადაც ყოველთვის შეგიძლია შედეგი შეცვალო და უფრო მეტი გოლი გაიტანო. სწორედ ამის შანსი აქვს სიტისაც, ჩვენ კი იმის შანსი გვაქვს, რომ ისევ ძალიან კარგად ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. მგონია გულშემატკივართა უმრავლესობა იმას ფიქრობს, რომ ლივერპული უკვე შემდეგ ეტაპზე გავიდა, თუმცა დღეს დამარცხდება. რეალურად არაფერია გადაწყვეტილი, ჩვენ დღესაც შეგვიძლია მოგება. ეს ძალიან რთული იქნება, თუმცა როდესაც საფეხბურთო კლუბი იქმნება, მთავარი მიზანიც სწორედ მსგავსი მატჩების მოგება უნდა იყოს.“

„რაც შეეხევა სალაჰს, ვერ ვიტყვი რომ 100 პროცენტით ითამაშებს. ის ფიზმომზადებას გადიოდა მე კი აქვ ვარ. ვარჯიშის დროს გამოჩნდება როგორ ფორმაშია. დიდი ალბათობით უფრო ითამაშებს, ვიდრე არა. თუმცა ჯერ უნდა ვნახოთ რა კონდიციაშია. გადაწყვეტილებას კი ამის შემდეგ მივიღებთ.“

გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა მანჩესტერ „სიტის“ მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამაც. მისი თქმით ქალაქელები რაც შეიძლება მეტი შანსის შექმნას და გამოყენებას შეეცდებიან, ხოლო დაცვაში კი შეცდომების გარეშე თამაშს. ესპანელი სპეციალისტის თქმით მატჩის დრო შესაძლოა 90 წუთზე მეტიც კი იყოს, რაც „სიტის“ არაერთხელ გაუკეთებია.

პეპ გუარდიოლა - „რა თქმა უნდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იდეალურად უნდა ვითამაშოთ. რაც შეიძლება მეტი მომენტი შევქმნათ და დაცვაში უშეცდომოდ ვითამაშოთ. რა თქმა უნდა იმაზე უნდა ვიფიქროთ თუ რამდენი გოლი გვაქვს გასატანი. ჩვენ პირველი გოლის გატანას შევეცდებით, რასაც სწრაფადვე მეორე გოლიც უნდა მოყვეს. ამის შემდეგ კი მომენტს დაველოდებით. ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვნახოთ რა მოხდება.“

„თუ გოლს საკუთარ კარში მივიღებთ, არ უნდა დავნებდეთ. ფეხბურთში 90 წუთზე მეტის თამაში შეიძლება, რაც ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია. მომენტი მომენტზე უნდა შევქმნათ და თუ გოლს ვერ გავიტანთ არ უნდა გავჩერდეთ და შანსების შექმნა გავაგრძელოთ. სწორედ ესაა რაზეც უნდა ვფიქრობდეთ.“

„ჩვენ ევროთასები გვჭირდება, თუმცა ამ თასების მოგებას ისეთი საღამოები სჭირდება როგორიც პირველი შეხვედრისას გვქონდა და ეს ყველამ უნდა გაიგოს. მაგალითად  გასულ სეზონში ბარსელონას დამარცხება განსაკუთრებული მოვლენა იყო, რადგან ბარსა მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ასე რომ მათი დამარხებით ისეთ რამეს იღებ, რაც ორმაგად გზრდის. ადრე თუ გვიან ეს მოხდება. შესაძლოა ეს ხვალ არ მოხდეს, თუმცა რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ამ კლუბმა გააკეთა ეს გასაოცარია. ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს იმისთვის რომ უფრო დიდი კლუბი გავხდეთ და ყველას ამის დიდი სურვილი გვაქვს. ადრე თუ გვიან ჩვენ ამას მივაღწევთ. მაგრამ იმისთვის რომ დიდ კლუბებს შეედარო ბევრი დროა საჭირო. მე კი მჯერა რომ ჩვენ ეს შეგვიძლია.“

მანჩესტერ „სიტისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება ეტიჰედ სთედიუმზე დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე გაიმართება. მატჩს ესპანელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება, მთავარი მსაჯი კი ანტონიო მატეუ ლაოსი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები