„ჰოლანდი თუ ალვარესი? ისედაც ძლიერი გუნდი გვყავს“ - ლაპორტა
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ კატალონიური კლუბი 1:1 წესს უბრუნდება. ამავდროულად, Mundo Deportivo-ს ცნობით, ლაპორტამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლუბი ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისკენ თავს შეიკავებს, ვინაიდან ჰანსი ფლიკს „ისედაც ძლიერი გუნდი ჰყავს“.
„1:1 წესზე დაბრუნება პოზიტიური ამბავია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გიჟებივით უნდა ვხარჯოთ ფული. გავაკეთებთ იმას, რასაც დეკუ ჩათვლის საჭიროდ. მან უკვე დაამტკიცა, რომ თავისი საქმე კარგად იცის, ამიტომ უბრალოდ მუშაობა უნდა ვაცადოთ.
ერლინგ ჰოლანდი თუ ხულიან ალვარესი? მხოლოდ ხმაურის და აჟიოტაჟის გამო ფეხბურთელების ყიდვას არ ვაპირებთ. გულშემატკივრებმა იციან, რომ ისედაც ძლიერი გუნდი გვყავს. სატრანსფერო ბაზარზე ჩვენი მიზანი იმ პოზიციების გაძლიერება იქნება, რომლებიც დეკუმ და ჰანსი ფლიკმა შეარჩიეს.
ჩვენ ბარსელონა ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტოპფეხბურთელის ტრანსფერია შესაძლებელი, მაგრამ პირობებს ჩვენ ვადგენთ. ასეთია კლუბის პოზიცია. მედიაში აჟიოტაჟის შესაქმნელად ვინმეს შეძენას არ ვაპირებთ, არამედ ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ სპორტული კრიტერიუმებით. როგორც გითხარით, ამ მიმართულებით დეკუ მუშაობს“.
შეგახსენებთ, რომ როგორც მოსალოდნელია, ამ ზაფხულს „ბარსელონა“ ფინანსური პრობლემების დასასრულებლად მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი ხარჯების ლიმიტს აღარ გადააჭარბებს და 1:1 ბალანსს (ფინანსური ფეარ პლეის წესი) დაუბრუნდება.