ქართული სპორტული მედიის წარმატება - თალაკვაძე AIPS Europe-ის გენმდივნად აირჩიეს
Aa
Aa

ქართული სპორტული მედიის წარმატება - თალაკვაძე AIPS Europe-ის გენმდივნად აირჩიეს

შვეიცარიის ქალაქ ლოზანა-ში მსოფლიოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის 88-ე კონგრესი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს წარმომადგენლებიც აქტიურად არიან ჩართულნი. ღონისძიებაში მონაწილეობენ გიგა გვენცაძე და ზურაბ თალაკვაძე, რომლებიც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას წარმოადგენენ.

კონგრესის ფარგლებში გაიმართა ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (AIPS Europe) არჩევნები, სადაც მნიშვნელოვანი წარმატება დაფიქსირდა საქართველოსთვის — ზურაბ თალაკვაძე ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს. ის აღნიშნულ სტრუქტურაში წლების განმავლობაში აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო. არჩევა პრაქტიკულად ერთხმად მოხდა.

ევროპული ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტი ფრანგმა მარკ ვენტულიაკი დაიკავა, რომელიც სპორტული ჟურნალისტიკის სფეროში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად მიიჩნევა.

მსოფლიო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია (AIPS) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა მედიის სფეროში, რომელიც სპორტულ ჟურნალისტებს აერთიანებს და პროფესიული სტანდარტების განვითარებაზე მუშაობს. კონგრესზე განიხილება როგორც მედიის თანამედროვე გამოწვევები, ისე სპორტის გაშუქების ახალი ტენდენციები.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი შვეიცარიაში ქვეყნის სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საერთაშორისო სპორტულ მედიაში საქართველოს როლის გაძლიერებაზე.

ცხელი ამბები