Aa
Aa

ნავსი გატეხილია - საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი მე-4 ცდაზე დაამარცხეს სანუკვარ თასს დაეუფლნენ.

უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" მატჩი 8:3 მოიგეს და მთელი შეხვედრის მანძილზე დომინირებდნენ.

ქართველებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და უპირატესობას მალევე დაეუფლნენ.

როგორც მოგეხსენებათ, ფრანგებმა ამ ასაკში ზედიზედ 3 ფინალი მოგვიგეს და დღეს ქართველებმა რევანშის აღება მოახერხეს.

მე-8 წუთზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ლელო დადო, რომელსაც არაზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 5:0.

ფრანგებმა ტაიმის შუაწელს ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ანგარიშში ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანეს - 5:3.

პირველი ნახევარი ქართველების უპირატესობით მიმდინარეობდა და ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. ცუდი ამინდი შეხვედრის სანახაობრივ მხარეს დაღს ასვამდა.

საფრნაგეთის ნაკრებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ დარტყმა არაზუსტად შეასრულეს და დაწინაურების კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს.

ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა მატჩის სადავეები ხელთ იგდეს და თამაში თავიანთი კარნახით წარმართეს.

ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ ითამაშა და მეტოქე აშკარად დაჯაბნა. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ჩვენებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა და ანგარიში 8:3 გახდა.

ბოლო წუთები საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა თავი კარგად დაიცვეს და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის მოგება შეძლეს!

ცხელი ამბები