რეიმსთან ვერ ითამაშებს | როდის განაახლებს ზურიკო გუნდთან ერთად ვარჯიშს
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ მომდევნო შეხვედრას 24 იანვარს გამართავს. „მწვანეები“ სტუმრად „რეიმსს“ დაუპირისპირდებიან, რომელიც ლიგა 2-ის მეხუთე პოზიციას იკავებს და ქართველი ფეხბურთელი გუნდს კვლავ ვერ დაეხმარება.
„მაქსიმ ბერნო და ლასანა ტრაორე რამდენიმე კვირით არიან ტრავმირებული და ვერ ითამაშებენ. ისევე როგორც ზურიკო დავითაშვილი, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშს ორშაბათს განაახლებს“, — განაცხადა „სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ეირიკ ჰორნელანდმა.
დავითაშვილმა ტრავმა „ლე მანთან“ შეხვედრაში მიიღო. თავდაპირველად იწერებოდა, რომ ზურიკო „რეიმსთან“ მატჩისთვის მზად უნდა ყოფილიყო, თუმცა სარეაბილიტაციო პერიოდი გაჭიანურდა და „სენტ-ეტიენს“ ფონს გასვლა მის გარეშე მოუწევს.
ცნობისთვის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის საწყის დღეებში დავითაშვილზე აქტიურად იწერებოდა. სხვადასხვა დროს მას „ოლიმპიაკოსს“, „ბენფიკას“, „ევერტონს“, „ლილსა“ და „ბეშიქთაშს“ უკავშირებდნენ, თუმცა ზურიკომ კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ზამთარში წასვლის პერსპექტივა არ ხიბლავს.