ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი, ფრანკ რიბერი
Aa
Aa

„როცა მისი თამაში ვნახე, რიბერი გამახსენდა“ | სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „ჯვაროსნების“ თავკაცი Kampo-ს იუთუბ-არხის სტუმარი იყო და განაცხადა, რომ როდესაც პირველად „კვარას“ თამაში ნახა, თვალწინ ფრანკ რიბერი წარმოუდგა.

„ხვიჩა კვარაცხელია რუბინში აღმოვაჩინეთ და როდესაც მისი თამაში პირველად ვნახე, თვალწინ ფრანკ რიბერი წარმომიდგა. სერიოზულად ვამბობ. დავინახე ფეხბურთელი განიერი მხრებით — ფეხბურთელი, რომელიც ბურთთან ერთად რიბერივით სწრაფად ჩქარდებოდა და ფეხბურთელი, რომელსაც რიბერის მსგავსად არაფრის ეშინოდა.

ვუყურებდი მოთამაშეს, რომელიც დრიბლინგზე ყველგან მიდიოდა და მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში რისკავდა. მას რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა. მის თვალებში ნაპერწკალი ჩანდა — ზუსტად ფრანკ რიბერივით. მის თამაშში ფრანკის სტილის გაელვებებს ვხედავდი.

ხვიჩა რიბერივით ემოციური არ არის. რთულია, ფრანკივით ემოციური და მოლაპარაკე იყო. რიბერი ერთადერთი და განსაკუთრებულია, მაგრამ კვარაცხელია ნამდვილად მას მახსენებდა. რიბერივით თავისუფალი და უშიშარი იყო და თან იარაღებიც ჰქონდა. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც არაფრის ეშინიათ, მაგრამ იარაღები არ გააჩნიათ და მაღალი დონისანი არ არიან. კვარაცხელია უშიშარია და თან რაღაც განსაკუთრებულიც აქვს.

სიმართლე გითხრათ, ნაკრების მწვრთნელობა ცოტათი იმედგამაცრუებელია, რადგან ასეთი ფეხბურთელი დიდი დროით არ გყავს. პირველივე წუთიდან აშკარა იყო, რომ კვარა ამბიციური გახლდათ. ამბიციური ხალხი ძალიან მიყვარს, რადგან ამბიცია მოტივაციის წყაროა და ძალას გაძლევს. მას ხშირად ვეუბნები, რომ ჯერ კიდევ სასწავლო ეტაპზეა, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. 24 წლისაა და კიდევ ბევრი რამის სწავლა შეუძლია. მას რამდენიმე დღის წინ სწორედ ამაზე ველაპარაკებოდი.

ბრწყინვალე ფეხბურთელი მხოლოდ დიდ შეხვედრებში არ თამაშობს კარგად. ბრწყინვალე ფეხბურთელი 10-დან 8 შეხვედრაში უმაღლეს დონეზე გამოიყურება. მეცხრე თამაშში შეიძლება საშუალო დონე აჩვენოს და ერთი მატჩის ჩაგდების უფლებაც აქვს, მაგრამ 10-დან 8-ში მაღალი დონის ფეხბურთი უნდა აჩვენოს.“

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას 22 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 6 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ახლახან „კვარამ“ საფრანგეთის სუპერ თასი მოიგო და გადამწყვეეტ შეხვედრაში „მარსელი“ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა“ | სანიოლის უცნობი ისტორია და ევრო 2024
„ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა“ | სანიოლის უცნობი ისტორია და ევრო 2024