ტორინო, საბა საზონოვი
Aa
Aa

უფასოდ დაკარგვა არ უნდათ - იანვარში ტორინო საზონოვს გაყიდის

საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველი საბა საზონოვი დიდი ალბათობით „ტორინოს“ იანვარში დატოვებს.

იტალიური გამოცემა Mondo Toro წერს, რომ ტურინული კლუბი საზონოვის საკითხს ფრთხილად ეკიდება, რადგან ქართველ მცველს ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში ეწურება, რის შემდეგაც კლუბს უფასოდ დატოვებს, ეს კი „ტორინოს“ გეგმებში არ შედის. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელს იანვარში გაასხვისებენ.

წყაროს თანახმად, ტურინელები საბასთვის ახალ გუნდს უკვე ეძებენ.

ამ ეტაპზე რომელიმე დაინტერესებული კლუბის სახელი არ ვრცელდება. გასულ ზაფხულს საბას გადაბირება „კაიზერსლაუტერნსა“ და „ხეტაფეს“ სურდათ, თუმცა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო გერმანული ვარიანტი ჩაიშალა. ესპანური შანსის ხელიდან გაშვება კი გაცილებით მტკივნეული იყო, რადგან ტრანსფერი თითქმის დახურული გახლდათ, მაგრამ (სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს) მადრიდულმა კლუბმა არასწორი ელექტრონული ფოსტის მისამართი შეიყვანა, რის გამოც გარიგება ვერ შედგა.

2025/26 წლების სეზონის პირველი წრე საზონოვს ძალიან უიღბლო გამოუვიდა. ამ ყველაფრის შემდეგ, „ტორინომ“ ის სერია A-ს განაცხადიდან ამოიღო. იმედია, საბას ახალი წლიდან ჯანმრთელობასთან ერთად იღბალიც დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები