ისევ კოჭის ტრავმა - მბაპემ საფრანგეთის ნაკრების ბანაკი დატოვა
კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებს 16 ნოემბერს აზერბაიჯანთან გასვლით შეხვედრაში ვერ დაეხმარება. გამოცემა L’Equipe-ის ინფორმაციით, „რეალის“ ფორვარდმა ნაკრების ბანაკი სამედიცინო შტაბის ნებართვით დატოვა და მადრიდში დაბრუნდება.
„მბაპეს წასვლა მოულოდნელი იყო. მან უკრაინასთან მატჩში მარჯვენა კოჭის არეში დისკომფორტი იგრძნო და ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდება, სადაც გამოკვლევებს ჩაიტარებს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მბაპემ მარჯვენა კოჭის ტრავმა 10 ოქტომბერს, აზერბაიჯანთან საშინაო შეხვედრაში მიიღო (3:0). მაშინ ფრანგმა ფორვარდმა ისლანდიასთან მატჩი გამოტოვა, თუმცა უკვე 6 დღეში, „ხეტასფეს“ წინააღმდეგ მატჩი სრულად ჩაატარა.
ამგვარად, მბაპე 23 ნოემბერს დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება, როცა „რეალი“ „ელჩეს“ ესტუმრება. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე „რეალის“ მაისურით გამართულ 16 მატჩში 18 გოლი და 2 საგოლე პასია.