უნდობლობა გრძელდება | ქოჩორაშვილი კვლავ სათადარიგოთა სკამზეა
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში „სანტა კლარამ’’ შინ ლისაბონის „სპორტინგთან" 1:2 დამარცხდა. პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ბორჟესმა გიორგი ქოჩორაშვილი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დასვა, ცვლილებაზეც არ გამოიყვანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა, აღნიშნული 9 მატჩიდან სასტარტოში ბოლოს 22 სექტემბერს (მე-6 ტურში) „მორეირენსესთან'' იყო. ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში მხოლოდ პირველ ტურში „კაირატთან’’ ითამაშა (საგოლე პასი შეასრულა), თუმცა შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ზედიზედ სამ მატჩში სკამზე იჯდა, თამაშში არ ჩართულა.
სეზონის საწყის პერიოდთან შედარებით ბოლო პერიოდში ბორჟესი ქოჩორაშვილს მცირე სათამაშო დროს აძლევს, სასტარტოში მხოლოდ პორტუგალიის თასზე „ალვერკასთან'' დააყენა და 90 წუთი ათამაშა. ბორჟესი ჰიდემასა მორიტასა და ჟოაუ სიმოეშს მასზე წინ აყენებს, კაპიტან იულმანს მორიტა ან სიმოეში უწყვილდება ხოლმე, ქოჩორაშვილი მესამე ვარიანტად რჩება.
„სანტა კლარასთან'' მატჩის შემდეგ ქოჩორაშვილი საქართველოში ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრება. მოგეხსენებათ, ამ თვეში მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვილი სანიოლის გუნდი შინ ესპანეთთან და სტუმრად ბულგარეთთან ითამაშებს.