დენა უაითი, გეიბლ სტივსონი
Aa
Aa

„საბოლოოდ ჩვენთან აღმოჩნდება“ - დენა უაითი გეიბლ სტივსონს აკვირდება

UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა განაცხადა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში, გეიბლ სტივსონს (რომელმაც 2020 წლის ფინალში გენო პეტრიაშვილს ბოლო წამზე მოუგო) აკვირდება.

გეიბლს მიმდინარე წელს MMA-ში LFA-ის ეგიდით გამართულ ბრძოლაში წარმატებული დებიუტი ჰქონდა. მან ასევე ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა ჰიბრიდული წესებით გამართულ ორთაბრძოლაში Dirty Boxing ლიგაში.

„როდესაც არსებობს ადამიანი, რომელიც ფიზიკური ფენომენია, წარმოუდგენელი სპორტსმენი, რომელიც უმაღლეს დონეზე გამოდიოდა, და ის გადადის ორთაბრძოლებში, ეს ყოველთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენ ნამდვილად ვაკვირდებით მას და ვნახავთ, როგორ განვითარდება ყველაფერი“,

– თქვა UFC-ის ხელმძღვანელმა ჯიმ რომის შოუში.

უაითმა ცხადყო, რომ 25 წლის ამერიკელ მძიმეწონოსანს რეგიონალურ ლიგებში გამოცდილების დაგროვება მართებს, რათა UFC-სთან კონტრაქტი დაიმსახუროს.

„დაფიქრდით: ბროკ ლესნარი ჩვენთან WWE-დან მოვიდა. ის იმდენად ძლიერი მოჭიდავე იყო, რომ ტიტულის მოპოვება შეძლო. ახლა კი გვყავს მსგავსი ბიჭი, მოჭიდავის წარსულით, რომელიც მცირე ლიგებში პროგრესირებს და გამოცდილებას იძენს. საბოლოოდ ის ჩვენთან აღმოჩნდება და მაშინ გავიგებთ, რისი უნარი აქვს“,

– დაამატა დენამ.

მიმდინარე წლის სექტემბერში გეიბლ სტივსონმა LFA 217 ტურნირზე, პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ბრედენ პეტერსონი, ხოლო ერთი კვირის წინ, DBX 4 ტურნირზე ბილი სუონსონს 15 წამში ნოკაუტით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები