Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

დღეს გამთენიისას ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. ყველაზე დაძაბული მატჩი ამერიქან ეარლაინს არენაზე ვიხილეთ, სადაც მაიამიმ საკრამენტოს უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს ვეიტერსი აკლდათ, ისინი აშკარა ფავორიტებად ითვლებოდნენ. პირველი მეოთხედი ნაკლებ შედეგიანი აღმოჩნდა და სტუმართა 2 ქულიანი სხვაობით დასრულდა. მეორე პერიოდში გუნდებმა ტემპს უმატეს და 58 ქულა ჩააგდეს. საინტერესო იყო ის, რომ სტუმრები მასპინძლებს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ და მთელი დაპირისპირება ქულა-ქულაზე მიდიოდა. საბოლოოდ უფრო სტაბილურები საკრამენტოს კალათბურთელები აღმოჩნდნენ და 1 ქულიანი სხვაობით 89-88 გაიმარჯვეს.

შედეგიან თამაშს ველოდით ოკლაჰომაში, სადაც ადგილობრივი თანდერი ვაშინგტონს მასპინძლობდა. ტრადიციულად მასპინძელთა რიგებში გუნდის ლიდერი რასელ ვესტბრუკი გამოირჩა, რომელმაც 46 ქულასთან ერთად 6 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. სტუმართაგან 41 ქულა, 7 პასი და 12 მოხსნა მოაგროვა ბრედლი ბილმა, თუმცა მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და საბოლოო ჯამში დედაქალაქელები 9 ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ. 

საშინაო პეპსი ცენტრში გაილაღა დენვერმა, რომელმაც ნიქსს უმასპინძლა და 12 ქულით მოუგო. ნაგეთსის კალათბურთელებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს და სტუმართა ლიდერი კრისტაპს პორზინგისი ამოკეტეს. ლატვიელმა მხოლოდ 21 ქულა დააგროვა და 7 მოხსნა მიითვალა. მასპინძელთაგან ჰარი ჰარისი 23 ქულითა და 3 მოხსნით გამოირჩა.

დღის ბოლო დაპირისპირება ორაკლ არენაზე შედგა, სადაც გოლდენ სტეიტმა მინესოტას უმასპინძლა. მასპინძლებმა გაქცევა პირველივე მეოთხედში მოახერხეს და 9 ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს, მეორე მეოთხედში სტივ კერის გუნდი უკვე 12 ქულით იგებდა. 16:29 წუთი ითამაშა ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ. ამ დროის განმავლობაში მან 9 ქულა 3 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია. ზაზამ 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო.  შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა მინესოტას ლიდერმა კარლ-ენტონი თაუნსმა დააგროვა 31. მასპინძლების რიგებში კი კევინ დურანტი გამოირჩა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა - 28 ქულა, 11 პასი, 10 მოხსნა, 3 ბლოკი, 2 ჩაჭრა.

25-25 ქულა მიითვალეს სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა. 

„გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციის ცხრილის სათავეშია და მეორე ადგილზე მყოფ „ჰიუსტონს“ 5 მოგებით უსწრებს. აღსანიშნავია რომ ჰარდენის გუნდს 3 შეხვედრით ნაკლები აქვს გამართული.

„გოლდენ სტეიტის“ მომდევნო მატჩი 28 იანვარს „ორაკლ არენაზე“ „ბოსტონის“ წინააღმდეგ გაიმართება. შეხვედრა ჩვენი დროით 05:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები