3 ოქრო და 2 რეკორდი! ლაშა ტალახაძის მორიგი საოცრება
აშშ-ში ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს სახელით ლაშა ტალახაძემ იასპარეზა და ტურინირი საქართველოს ჰიმნით დაგდაგვირგვინა.
ტალახაძე (+105 კგ) მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი გახდა. 24 წლის ქართველმა ძალოსანმა ანაჰაიმის ფიცარნაგზე ექვსივე ცდა წარმატებით დასძლია და უახლოეს მდევარს 23 კილოგრამით გაუსწრო და მსოფლიოს ორი ახალი რეკორდიც დაამყარა.
პირველი მოძრაობა – ატაცი ქართველმა მძიმეწონოსანმა 210 კილოგრამით დაიწყო და იოლად დაიმორჩილა. ასევე უპრობლემოდ აიტაცა 215-კილოგრამიანი შტანგა, რასაც სამწვრთნელო შტაბმა გიორგი ასანიძის მეთაურობით 220 კილოგრამიანი შეკვეთა მოაყოლა. ეს კი მსოფლიოს რეკორდი გახლდათ...
დღემდე ატაცში სარეკორდო მაჩვენებელი 217 კილოგრამი იყო, რომელიც სწორედ ლაშა ტალახაძემ წელს სპლიტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დააფიქსირა.
რამდენიმე კვირის წინ ლაშამ დუშეთში საქართველოს პირველობაზე აიტაცა 220, თუმცა შედეგი მსოფლიოს რეკორდად არ ჩაუთვალეს, რადგან ის საერთაშორისო არენაზე არ დაუმყარებია. ოფიციალური 220 კი ამერიკულ ფიცარნაგზე დაფიქსირდა.
ტალახაძემ პირველ მოძრაობაში თავისთვის ნაცნობ მეტოქეს, მსოფლიოს 2-გზის და ოლიმპიურ ჩემპიონს, ირანელ ბეჰდად სალიმიკორდასიაბის 9 კილოგრამით აჯობა.
აკვრაში ქართველმა რეკორდსმენმა პირველივე ცდით – 243 კილოგრამით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ფაქტობრივად გაინაღდა. მეორე და მესამე მისვლაზე კი შტანგას 7-7 კილოგრამი წაამატა და ორივე ცდაზე საკმაოდ ადვილად აჰკრა. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 477 კილოგრამი დააგროვა და თავისივე დამყარებული მსოფლიოს რეკორდი 3 კილოგრამით გააუმჯობესა.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებისთვის აშშ-ს მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიული აღმოჩნდა. მსოფლიო პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე პირველად ავიდა ქართული გუნდის ერთბაშად ორი წევრი. ლაშა ტალახაძემდე ჩემპიონობით გულშემატკივრები ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ) გაახარა.
გიორგი ასანიძის გაწვრთნილმა გუნდმა, საერთო გუნდირ ჩათვლაში 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით მესამე პოზიცია დაიკავა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მხოლოდ 4 ძალოსნით წარსდგა!