კილიან მბაპე
Aa
Aa

„თავგადასავალი სრულდება“ | მბაპემ პარი-სენ ჟერმენის დატოვება დაადასტურა

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, პარიზულ გრანდს დატოვებს. მბაპემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა.

„მოგესალმებით ყველას. ყოველთვის ვამბობდი, რომ დაგელაპარაკებოდით, როცა ამის დრო მოვიდოდა. მინდა, გითხრათ, რომ ეს ჩემი ბოლო წელია პარი სენ-ჟერმენში. ხელშეკრულებას არ გავახანგრძლივებ და ჩემი თავგადასავალი რამდენიმე კვირაში დასრულდება. კვირას, პარკ დე პრანსზე ბოლო შეხვედრას გავმართავ.

უამრავი ემოცია მაქვს. აქ ბევრი შანსი მივიღე. დიდი პატივია, როცა საფრანგეთის უდიდესი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის წევრი ხარ. კლუბის, რომელმაც საშუალება მომცა, აქ მოვსულიყავი, დიდი წნეხის ქვეშ თამაშის გამოცდილება მიმეღო, გავზრდილიყავი როგორც ფეხბურთელი, ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეებისა და ჩემპიონების გვერდით ვყოფილიყავი, ახალი ადამიანები გამეცნო და რა თქმა უნდა, შეცდომებისა და წარმატებების წყალობით, გავზრდილიყავი როგორც პიროვნება.

პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს, რომელთა მხარდამხარაც მითამაშია. მწვრთნელებს: უნაი ემერის, ტომას ტუხელს, მაურისიო პოჩეტინოს, კრისტოფ გალტიესა და ლუის ენრიკეს. კლუბის სპორტულ დირექტორებს, ლეონარდოსა და ლუიშ კამპუშს, რომლებიც ყოველთვის ჩემთან იყვნენ. პსჟ-ს პერსონალს - ადამიანებს, რომლებიც სცენის უკან თავდაუზოგავად მუშაობენ. მადლობა ყველას. მადლობა საოცარ ადამიანებს, რომლებიც კლუბისთვის ყველაფერს აკეთებენ.

რთულია, ძალიან რთულია... ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საფრანგეთისა და ლიგა 1-ის დატოვება ასეთი ძნელი იქნებოდა, თუმცა, ვფიქრობ, ეს მჭირდებოდა. 7 წლის შემდეგ, ახალი გამოწვევის მიღება მინდა. რთულია, მაგრამ მინდა, მადლობა გადავუხადო ქომაგებს. ვიცი, რომ ყოველთვის ვერ ვამართლებდი სიყვარულს, რომელსაც მათგან ვიღებდი, მაგრამ სულ მინდოდა, ეფექტური ვყოფილიყავი.

პარი სენ-ჟერმენი არის კლუბი, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. უნდა გადაწყვიტო გიყვარს თუ გეზიზღება და მე გადავწყვიტე პსჟ 7 წლის განმავლობაში მყვარებოდა. არაფერს ვნანობ. ესაა კლუბი, რომელიც ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება და ყოველთვის, მაშინაც კი, როცა ფეხბურთელის კარიერა დასრულებული მექნება, ყველას მოვუყვები, რომ აქ თამაშის შანსი მომეცა. პარი სენ-ჟერმენის მატჩების ყურებას გავაგრძელებ, რადგან ესაა კლუბი, რომლითაც სამუდამოდ ვიქნები დაინტერესებული. ვეცადე, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია მეჩვენებინა და მადლობა ემოციების გამო, რომლებიც თქვენგან ვიგრძენი. მადლობა და იმედია, სეზონს ტიტულით დავასრულებთ“, - თქვა მბაპემ.

ცნობისთვის, მბაპემ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 305 შეხვედრა გამართა. მის ანგარიშზე 255 გოლი და 96 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი შეცდომა გამოვასწორეთ, მაგრამ...“ | მეცის თავკაცი მიქაუტაძის წითელზე
„ერთი შეცდომა გამოვასწორეთ, მაგრამ...“ | მეცის თავკაცი მიქაუტაძის წითელზე