კრიშტიანუ რონალდუ, ალ-ნასრი, ალ-ჰილალი
Aa
Aa

ალ-ნასრის მწვრთნელი: „ეს პროვოკაცია იყო, რონალდუ არ უნდა გაეძევებინათ“

„ალ-ნასრის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის კასტრომ „ალ-ჰილალთან“ მარცხის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს გაძევებაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს წითელი ბარათი არ უნდა მიეღო და ის სიმულაციის მსხვერპლი გახდა.

რას ამბობს კასტრო:

რთულია ამ ეპიზოდზე საუბარი. ვიცით, რომ ფეხბურთელი, რომელიც კრიშტიანუსთან ერთად ამ ეპიზოდში მონაწილეობდა, მთელი სეზონის განმავლობაში არაერთხელ იყო შემჩნეული პროვოკაციების მოწყობაში და თეატრალურ წარმოდგენებში. მან ამ მცირე კონტაქტით ისარგებლა და სახეში ჩარტყმაზე დაიწყო აპელირება. მსაჯმა ჩათვალა, რომ ეს კონტაქტი წითლისთვის საკმარისი იყო. ვფიქრობ, ეს მეტოქის მხრიდან შესანიშნავი თეატრალური წარმოდგენა იყო. სამწუხაროდ, ასეთი სიტუაციები კვლავ გვხვდება, რომელიც ალბათ, ინტერპრეტირების საკითხია. მსაჯს VAR-სთვის დახმარება უნდა ეთხოვა, რადგან, ამ ეპიზოდში სერიოზული არაფერი ყოფილა.

საუდის არაბეთის სუპერთასის ნახევარფინალში ალ-ჰილალმა ალ-ნასრი 2:1 დაამარცხა. შეხვედრის 86-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქის მცველს სახის არეში იდაყვი ჩაარტყა, რის გამოც მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა, საპასუხოდ კი კრიშტიანუ არბიტრს მუშტით დაემუქრა და ხელის დარტყმა სცადა, თუმცა, მალევე გადაიფიქრა.

„ალ ჰილალი“ სუპერთასის ფინალში „ალ იტიჰადს“ დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ „ალ ჰილალი“ საუდის პრო ლიგას 27 ტურის შემდეგ, 77 ქულით დაუმარცხებლად ლიდერობს. ამ დრომდე ლიგაში ერთადერთი წაუგებელი გუნდი გახლავთ. რონალდუს „ალ ნასრი“ 65 ქულით მეორეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები