ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

მესამე ლიგიდან ევროპის ჩემპიონატამდე - ქოჩორას საოცარი პროგრესი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საქართველო-საბერძნეთის შეხვედრა 0:0 დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში 4:2 მოიგო და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი გიორგი ქოჩორაშვილმა შეიტანა, რომელმაც მაღალ დონეზე ითამაშა და პენალტების სერიაში პირველი დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა.

ქოჩორაშვილის კარიერა სამაგალითოა, მას წლები დასჭირდა იმისთვის, რომ „ლევანტეს'' პირველ გუნდში დამკვიდრებულიყო, „ლევანტეში'' 20 წლის ასაკში გადავიდა და პირველი გუნდის სასტარტოში ადგილი 24 წლის ასაკში დაიმკვიდრა.

2022 წლის ზაფხულში „ლევანტემ’’ 23 წლის ნახევარმცველი რანგით მესამე ლიგის „კასტელონში’’ გაანათხოვრა. რანგი მესამე ლიგა ნახევრად პროფესიონალურია. 2022-23 წლების სეზონი ქოჩორაშვილის პროგრესისთვის მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგაში თუ ლა ლიგა 2-ში არ თამაშობდა, რეგულარული სათამაშო დრო მიიღო, სეზონში 40 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.

მისი თავდაჯერების ზრდა რეგულარული სათამაშო დროისა და პროდუქტიულობის გარდა კიდევ ერთმა ფაქტორმა განაპირობა, „კასტელონის’’ ქომაგთა დიდი სიყვარული დაიმსახურა. „კასტელონს’’ მრავალრიცხოვანი ქომაგი ჰყავს, სტადიონი ყოველთვის ივსებოდა და გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად ქართველი იქცა, რამდენჯერმე თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

„კასტელონში’’ გატარებული 1 სეზონის შემდეგ 2023 წლის ზაფხულში „ლევანტეში’’ დაბრუნდა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. 2019 წლის ზაფხულიდან „ლევანტეში’’ ფეხბურთელი იყო, მაგრამ სასტარტოს ფეხბურთელი ამ სეზონში გახდა. შესაძლოა, შრომა გვიან დაუფასდა, თუმცა ამ სეზონში იმდენად დიდი პროგრესი აჩვენა, რომ ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული სახე გახდა.

მისი საფეხბურთო და პიროვნული თვისებები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მომავალში, როცა გურამ კაშია სანაკრებო კარიერას დაასრულებს, ეროვნული გუნდის კაპიტნად მოიაზრებოდეს. ქოჩორა, რომელიც საკმაოდ კომუნიკაბელური პიროვნებაა, სხვადასხვა დროს საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებს კაპიტნობდა. ასევე, გარკვეული პერიოდი „ლევანტეს'' სარეზერვო გუნდის კაპიტანი იყო, რაც შემთხვევივითი არ არის, არასდროს ნებდება და ყოველთვის მენტალურ მდგრადობას ავლებს. მისი კარიერაც ამის ნათელი დასტურია, „ლევანტეში'' დამკვიდრებისთვის დიდი მოთმინება და შრომა გამოავლინა, დღეს უკვე ყველასთვის კარგად ჩანს, რომ მის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია.

მისი საქმისადმი დამოკიდებულება იმ კუთხითაც გამოჩნდა, რომ როცა საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ ესპანეთში დაბრუნდა, ადგილობრივ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მხიარულება სასიამოვნოა, თუმცა ახლა უკვე „ლევანტეს'' თამაშებზეა კონცენტრირებული და მიზნად ლა ლიგაში აღზევებას ისახავს (ვრცლად).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი: ისტორია დავწერეთ, ახლა ლა ლიგაში აღზევებაზე ვფიქრობ
ქოჩორაშვილი: ისტორია დავწერეთ, ახლა ლა ლიგაში აღზევებაზე ვფიქრობ