ფინალში ჩვენი მეტოქე ცნობილია | საბერძნეთმა ყაზახეთი გაანადგურა
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა ცნობილია. მეორე ნახევარფინალურ წყვილში, ერთმანეთს საბერძნეთი და ყაზახეთი ხვდებოდნენ და ბერძნებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.
შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა. საბერძნეთმა, რომელიც მასპინძლის რანგში იყო, თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა და პენალტი ანასტასიოს ბაკასეტასმა გამოიყენა. მე-15 წუთზე, თავი დიმიტრიოს პელკასმა გამოიჩინა და საბერძნეთის უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
37-ე წუთზე, თავი ფოტის იოანიდისმა გამოიჩინა, მე-40-ზე კი დიმიტრიოს კურბელისის ჯერი დადგა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა ერკინ ტაპალოვმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბერძნეთმა ყაზახეთი 5:0 გაანადგურა.
ცნობისთვის, საქართველოსა და საბერძნეთის დაპირისპირება 26 მარტს გაიმართება. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ლუქსემბურგს 2:0 აჯობა და ბერძნებთან მასპინძლის სტატუსით იქნება.