ირაკლი კვეკვესკირი
Aa
Aa

„საქართველოს ნაკრები? ყურადღებას არასდროს მაქცევდნენ“ - ირაკლი კვეკვესკირი

რუსეთის ჩემპიონატის გუნდ „ფაკელში“ მოთამაშე წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელმა, ირაკლი კვეკვესკირმა რუსულ RPL Sport-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მისი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში იყო, თუმცა, საქართველოს მხრიდან დაინტერესება არასდროს  ყოფილა.

ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში გსურთ. როგორ ფიქრობთ, გამოგიძახებენ ევრო 2024-ის პლეი-ოფისთვის?

ვფიქრობ, არა. რა თქმა უნდა, იქ ყოფნას ვისურვებდი, მაგრამ ალბათ არ დამიძახებენ. ისინი არასდროს მაქცევდნენ ყურადღებას, არასდროს...

მიზეზი რა არის?

არ ვიცი. შეიძლება, თავიდანვე ასე გადაწყვიტეს. ისინი იწვევდნენ ფეხბურთელებს, რომლებსაც თავის კლუბებში თამაშის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ, ან ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც სუსტ ლიგებში თამაშობდნენ. შესაძლოა, ისინი არ თვლიან, რომ ქართველი ვარ.

შესაბამისად, მიზეზი არასპორტულია?

არ ვიცი. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ამას დიდი ხნის წინ შევეგუე. თავიდან ვღელავდი, განვიცდიდი, უსიამოვნო იყო, რადგან ვფიქრობ, რომ ერთხელ მაინც დავიმსახურე განაცხადში მოხვედრა. მაგრამ სამწუხაროდ, მათ ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვთ.

უკავშირდება თუ არა ეს თქვენს რუსეთში თამაშს?

სავარაუდოდ არა. ლუკა გაგნიძე რუსეთის პრემიერ ლიგაში თამაშობს და გამოიძახეს. ასე რომ, ჩემი აზრით მიზეზი ეს არ იქნება. ისინი უბრალოდ არ თვლიან, რომ მე ამის ღირსი ვარ.

შეძლებდით თუ არა ახლანდელ საქართველოს ნაკრებში თავის დამკვიდრებას?

არ ვიცი, ეს ყველაზე კარგად მწვრთნელმა იცის, ის წყვეტს ვინ უნდა ითამაშოს. ამჟამად „ფაკელის“ ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო. მაგრამ ჩემი ნაკრებში გამოძახება გუნდის გადასაწყვეტი არ არის. შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ახალგაზრდა თაობა იყოს, ახლა იქ უმცროსი ბიჭები თამაშობენ და სხვა რამეზე ფიქრობენ. მათი ნებაა. მათ მიმართ წყენა არ მაქვს, უბრალოდ უსიამოვნოა, რომ ყურადღება არასდროს მომაქციეს იმის გათვალისწინებით, რომ უკვე მეორე წელია რაც პრემიერ ლიგაში ვთამაშობ, მაგრამ არაფერი.

ყველაფრის მიუხედავად, დაუჭერთ მხარს უახლოეს შეხვედრებში?

რა თქმა უნდა, როგორ არ უნდა დავუჭირო მხარი? მათ ყოველთვის ვუგულშემატკივრებ.

შეძლებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლას?

ახლა მათ საკმაოდ კარგი ახალგაზრდა თაობა ჰყავთ, ახალგაზრდა გუნდია მაგარი და საინტერესო მოთამაშეებით. ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი გამოვიდეს.

ხვიჩა გუნდის მთავარი ვარსკვლავია?

მგონი, კი. ამის თქმა შეგვიძლია.

ამბობენ, რომ მისით „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან დაინტერესებულნი. შეუძლია თუ არა ასეთ დიდ გუნდებში თამაში?

ხვიჩამ შარშან გვაჩვენა და ახლაც ამტკიცებს, რომ ასეთ გუნდებში თამაში შეუძლია. მთავარია, რომ მენტალურად ძლიერი ფეხბურთელია, არასდროს ნებდება, ჭკვიანი და საინტერესო ბიჭია. გარედან ასე ჩანს, რომ დისციპლინას არასდროს არღვევს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

ამაყობთ თუ არა მისი კარიერით?

რა თქმა უნდა, სიამაყეს იწვევს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ქართველი ბიჭი ასეთ წარმატებას აღწევს თავისი ნიჭით, ეფექტურობით, საინტერესო სტილითა და არაჩვეულებრივი დრიბლინგით. ის დიდებული ბიჭია.

ცნობისთვის, 33 წლის ირაკლი კვეკვესკირი 1990 წელს აფხაზეთში დაიბადა და ომის პერიოდში საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. ის მოსკოვის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა წლების განმავლობაში უნგრულ „პეჩში“, „ემირაში“, ბათუმის „დინამოში“, ლანჩხუთის „გურიასა“ და რამდენიმე რუსულ გუნდში უთამაშია, ახლა კი „ფაკელის“ კაპიტანია.

კვეკვესკირს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია. 33 წლის ფეხბურთელმა 2009-2010 წლებში საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მაისური 2 შეხვედრაში მოირგო, 2010-2011 წლებში კი 21-წლამდე გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 4 შეხვედრა და 1 გოლის გატანაც შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ყველას წინააღმდეგ?“ - რა თქვა კალცონამ ბარსელონასთან მატჩის წინ
„კვარა ყველას წინააღმდეგ?“ - რა თქვა კალცონამ ბარსელონასთან მატჩის წინ