ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სანახაობრივი და გადამწყვეტი!“ - იტალიური მედიის შეფასება

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ვერონას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მნიშვნელოვანია, რომ „ვერონას“ კარში გამარჯვების გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა, რომელმაც მეტოქის მეკარეს შორეული გასროლით შეუგდო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა და ხვიჩას ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი ქულა დაუწერა.

რას წერენ იტალიური სააგენტოები:

Calcionapoli1926 – 7.5 ქულა: შესანიშნავი პირველი ტაიმი ჰქონდა, სადაც მხოლოდ გოლი დააკლდა. დასაწყისი კარგი იყო და მე-10 წუთზე საოცარი დარტყმით კინაღამ ანგარიში გახსნა. მას კარგი შესაძლებლობები ჰქონდა, თუმცა, მონტიპომ თითქმის ყველაფერი აუღო. თუმცა, არ დანებდა და ყველანაირად ეცადა გოლის გატანას. მან წარმატებას მატჩის ფინალში მიაღწია, როდესაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ამასთან, გადამწყვეტი და სანახაობრივი იყო მისი თამაშიც.

Sport.Virgilio – 7.5 ქულა: უკვე მატჩის სტარტზე ანათებდა. ჯერ ორმაგი დრიბლინგის შემდეგ სცადა გატანა. შემდეგ კი ერთი შეხებით გაისროლა, თუმცა, მონტიპომ აიღო. ის ველურია, ბურთს იბრუნებდა, იკრავდა და ცდილობდა სულ გაემწვავებინა, თანაგუნდელებს რამდენიმე ხელსაყრელი პასი გაუკეთა. ბოლოს კი ჩვეულად აენთო და საჯარიმოს გარედან შესანიშნავი ტირაჯიროთი გამარჯვების გოლი გაიტანა.

Tuttonapoli – 8 ქულა: შესანიშნავი მატჩი ჰქონდა. პირველ ტაიმში მონტიპომ ორჯერ უთხრა უარი გატანაზე, თუმცა, შეხვედრის მიწურულს შესანიშნავი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ გოლის გამო იმსახურებს ჩემპიონატის MVP-ის წოდებას.

Calciomercato – 7.5 ქულა: მატჩი გიჟური ტემპით დაიწყო. პირველივე წუთებიდან ფაქტობრივად მოედნის ყველა წერტილში იყო და „ვერონას“ მცველები მის შესაჩერებლად იბრძოდნენ. პირველ ტაიმში ორჯერ სახიფათოდ გაისროლა, თუმცა, მისი დარტყმები მონტიპომ დაბლოკა. გუნდის ტვირთი მხრებზე მან დაიდო და ფაქტობრივად ბოლო წუთებზე საოცარი გოლით „ნაპოლის“ გამარჯვება მოუტანა.

23 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-7 პოზიციაზე აღზევდა. მაცარის გუნდს მომდევნო შეხვედრა 11 თებერვალს, სტუმრად „მილანთან“ ელის. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები