კრიშტიანუ რონალდუ, ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

მესისთან შეხვედრა, ლეაუ და რონალდუ | კვარამ ბევრ თემაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელებში ხშირად დასმულ შეკითხვებს უპასუხა. „კვარას“ ვიდეო საქართველოს ბანკმა Youtube-ის საკუთარ არხზე გამოაქვეყნა და „პარტენოპეის“ შემტევმა ბევრი საინტერესო ისტორია გაგვიზიარა.

რა უთხრა ჯუდ ბელინგემმა კვარას (ცნობილი კადრი რეალი VS ნაპოლიდან, როცა ინგლისელი ხვიჩას ესაუბრებოდა)

„ჯუდი ოსიმენს ეკითხებოდა, თერთმეტმეტრიანს რატომ არ ურტყამო. ვიქტორს ბოლო პენალტი გაფუჭებული ჰქონდა და ალბათ, ეს მათაც ნახეს, რის შემდეგაც, ბელინგემს ვუთხარი მაგარი Trash Talker-ი (ბინძურად მოსაუბრე) ხარ-მეთქი და გაეცინა. მითხრა, ვხუმრობო და სულ ეს იყო. ჯუდი ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ასე თუ გააგრძელა, ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი კანდიდატი იქნება“.

რა უთხრა დავიდე კალაბრიამ (მილანთან მატჩის შემდეგ)

„არაფერი განსაკუთრებული. მითხრა, კარგი ბიჭი ხარო და მეც ვუთხარი, რომ კარგი თამაში ჰქონდა. ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ“.

ყველაზე უხერხული ოპონენტი

„რეალურად, კალაბრია კარგად მეთამაშება და ძლიერი ფეხბურთელია. ხშირად დაუსვამთ ეს შეკითხვა და ჯოვანი დი ლორენცოს მსგავსი მეტოქე არ მინახავს. სასწაული მოთამაშეა და იმედია, მის წინააღმდეგ ასპარეზობა არ მომიწევს“.

გოლის აღნიშვნა კვიპროსთან (ისრების გასროლა)

„რამდენიმე დღით ადრე, ისრაელ ადესანიას ბრძოლას ვუყურებდი და როცა ალექს პერეირა დაანოკაუტა, მისი აღნიშვნისას (ადესანიამ ისრები გაისროლა) ისეთი ემოცია გამიჩნდა, მეც მომინდა, იგივე გამეკეთებინა“.

ოქროს ბურთის დაჯილდოება და მესისთან შეხვედრა

„მესისთან შეხვედრას დაუჯერებელი ისტორია ახლავს და ამის შემდეგ, ლეო ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა. ოქროს ბურთის დაჯილდოებისას მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ სარეკლამო პაუზისას არ გვემოძრავა და ადგილი არ დაგვეტოვებინა. უცებ, მესი ადგა და წარმოდგენა არ მქონდა, ეს რატომ გააკეთა. ჩემკენ წამოვიდა და ვერ ვხდებოდი, რა ხდებოდა. ხელი გამომიწოდა და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, რის შემდეგაც თავის ადგილზე დაბრუნდა. ამხელა ფეხბურთელი რომ დგება და გამარჯობის სათქმელად შენთან მოდის... საოცარი ადამიანია და ამას ძალიან ვაფასებ“.

კრიშტიანუ რონალდუზე

„რონალდუ ძალიან დიდი ფეხბურთელია. ურთულესია, როცა ლიონელ მესის მსგავსი ოპონენტი გყავს და ყველა სეზონში მის დონეზე იმყოფები. მესი დაიბადა მხოლოდ იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშოს, შენ კი მას კონკურენციას უწევ. ამის გამო, კრიშტიანუს ძალიან ვაფასებ. მან თავისი პროფესიონალიზმით ამდენს მიაღწია და საოცარი გოლებითა და თამაშით უდიდესი სიამოვნება მომანიჭა“.

რაფაელ ლეაუზე

„ფეხბურთელთა პიროვნება უფრო მაინტერესებს, ვიდრე ის, მოედანზე როგორი არიან. ლეაუ ძალიან მაგარი ადამიანია და წარმატებებს ვუსურვებ. ფეხბურთში მისნაირი ადამიანის პოვნა რთულია. ხომ გახსოვთ პერიოდი, როცა გოლი ვერ გამქონდა?! როცა გავიტანე, მომწერა, მომილოცა და წარმატება მისურვა“.

საუკეთესო გოლი საქართველოს ნაკრებში

„პირველი გოლი ალბათ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ნაპოლიში? ატალანტასთან. თუმცა ჩემთვის, სასუოლოსთან გატანილი გოლი უფრო სასიამოვნო იყო“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას მომდევნო თამაშს ესპანეთთან ვიხილავთ. მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები