ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, დავიდ გიონი
Aa
Aa

მეკარეს ერთი-ერთზე ვერ გაუტანა - დავითაშვილის ბორდო ლიდერთან დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურში „ბორდო'' შინ ჩემპიონატის ლიდერ „ლავალთან'' 0:1 დამარცხდა. „ბორდო'' უპირატესობას ფლობდა, თუმცა აშკარა უპირატესობა ანგარიშში ვერ ასახა.

„ბორდოს'' მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკო დავითაშვილი კვლავ სასტარტოში ათამაშა, არ შეუცვლია. 22 წლის ქართველმა შემტევმა სასტარტოში შეუცვლელად ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა, თუმცა თუ გასულ ტურში „კაენს'' შეუგდო, დღეს ნაკლებად პროდუქტიული მატჩი ჰქონდა, გოლის გატანის რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.

Sofascore-მა დავითაშვილს 7,3 დაუწერა. „ბორდოს'' სასტარტოდან მასზე მაღალი შეფასება ოთხ ფეხბურთელს ჰქონდა. მისი ორი დარტყმიდან ერთი მეკარემ აიღო, მეორე არაზუსტი იყო. დრიბლინგის 6 მცდელობა ჰქონდა, 4 წარმატებული იყო. 28 პასიდან 22 ზუსტად შეასრულა. მინდორზე 13 ორთაბრძოლიდან 9 მოიგო, ხოლო მეორე სართულზე 1 ორთაბრძოლა ჰქონდა და მისი გამარჯვებით დასრულდა. ასევე, ზურიკომ ბურთი 20-ჯერ დაკარგა.

მე-60 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა „ლავალის’’ მცველს ბურთი აართვა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

ასევე იყო ერთი ეპიზოდი, როცა დავითაშვილმა ბურთი ხელში მოირტყა და ამის გამო ჟირონდელთა შეტევა აღარ განვითარდა.

ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში „ლავალი'' 25 ქულით პირველ ადგილზეა, „ბორდო''11 ქულით მე-13 პოზიციაზეა. ზურიკო დავითაშვილის გუნდმა 10-დან მხოლოდ 3 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 4 დათმო. ზედიზედ 4 მატჩია ჟირონდელებს გამარჯვება არ მოუპოვებიათ.

სანაკრებო პაუზის შემდეგ მე-11 ტურში „ბორდო'' „ანჟერს'' ესტუმრება (21 ოქტომბერი, 21:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები