გურამ კაშია, სლოვანი
Aa
Aa

„ძალიან ბედნიერი ვარ, ნაკრებში კარგ ხასიათზე მივდივარ“ - კაშია პოდბრეზოვასთან გოლზე

გუშინ, სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში ქართველების „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე „პოდბრეზოვას“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

ბრატისლაველები 87-ე წუთისთვის 1:2 მარცხდებოდნენ, თუმცა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს და ფაქტობრივად, წაგებული შეხვედრა მოიგეს. სასიხარულოა, რომ ანგარიში გურამ კაშიამ გაათანაბრა, ზუსტად ერთ წუთში კი გამარჯვების გოლი ბარსეგიანმა გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სლოვაკურ მედიასთან განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა კაშიამ:

ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით. ბოლო მარცხის შემდეგ შესაბამისი რეაგირება გვჭირდებოდა. ამ შეხვედრაშიც ახლოს ვიყავით წაგებასთან, თუმცა, რამდენიმე წუთში ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ მოვაქციეთ. ამით, ნამდვილად ბედნიერები ვართ. საბოლოო ჯამში, უკეთესად მოქმედება გვმართებს.

როდესაც 1:0-ს ვიგებდით, ორი კარგი მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ამის გამო კარმამ დაგვსაჯა. „პოდბრეზოვამ“ ორი მომენტი შექმნა და ორივე გამოიყენა. გაშვებული გოლის შემდეგ კარგი მენტალიტეტი გამოვავლინეთ და საბოლოოდ, 3 ქულა ავიღეთ.

რაც შეეხება გულშემატკივრებს, ხალხი იმედგაცრუებული იყო და ეს გასაგებია, რადგან კვიპროსში მნიშვნელოვანი შეხვედრა წავაგეთ. იმედგაცრუება დღევანდელი მატჩის დროსაც ვიგრძენი. გამარჯვების მიუხედავად, გულშემატკივრებმა უკმაყოფილება მაინც გამოთქვეს. მათ ჩვენც ველაპარაკეთ და მჯერა, რომ ეს ორივე მხარისთვის კარგი იქნება. ბოლოს ტაშიც დავუკარით და იმედი მაქვს, ყველაფერი მოგვარდება. ასეთი რაღაცები ხშირად ხდება და მჯერა, რომ ეს ბოლო შემთხვევა იქნება, როდესაც ხალხი ჩვენით უკმაყოფილო დარჩა.

ახლა, მოუთმენლად ველოდები ეროვნულ ნაკრებს. სამშობლოში კარგ ხასიათზე მივდივარ, რადგან გოლი გავიტანე და ასე ხშირად არ ხდება.

6 ტურის შემდეგ, „სლოვან ბრატისლავა“ სლოვაკეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, თუმცა, ვლადიმირ ვაისის გუნდს კონკურენტებთან შედარებით ორით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული. ბრატისლაველები მომდევნო შეხვედრას 13 სექტემბერს, სლოვაკეთის თასზე „სვატი იურის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ შეაფასეს მიქაუტაძის თამაში ნიდერლანდურმა მედიამ და აიაქსის ფანებმა
როგორ შეაფასეს მიქაუტაძის თამაში ნიდერლანდურმა მედიამ და აიაქსის ფანებმა