სევილია, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

მანჩესტერ სიტი VS სევილია - მატჩის წინ

უეფა-ს სუპერ თასზე ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „სევილია“ ხვდებიან. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„მანჩესტერ სიტი“

პეპ გუარდიოლას გუნდმა პრემიერ ლიგა დამაჯერებლად დაიწყო და პირველივე ტურში სტუმრად „ბარნლი“ 3:0 დაამარცხა. რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, რომ ერლინგ ჰოლანდმა დუბლი შეასრულა. ერთი გოლი კი როდრიმ გაიტანა.

მოსამზადებელი პერიოდი

„ქალაქელებმა“ სეზონის დაწყებამდე 4 მატჩი გამართეს. 3 ამხანაგური, ხოლო ერთი ოფიციალური. გამარჯვება 5:3 „იოკოჰამასთან“, შემდეგ კვლავ გამარჯვება მიუნხენის „ბაიერნთან“. მანჩესტერულმა კლუბმა ბოლო ამხანაგური მატჩი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ 1:2 წააგო.

6 აგვისტოს კი FA COMMUNITY SHIELD-ის ფინალში „არსენალთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. ძირითადი დრო კი 1:1 დასრულდა.

დანაკლისი:

დღეს ცნობილი გახდა, რომ კევინ დე ბრუინი რამდენიმე თვეს გამოტოვებს. ეს ინფორმაცია პეპ გუარდიოლამ დაადასტურა. ბელგიელმა ნახევარმცველმა ტრავმა „ბარნლისთან“ მატჩის დროს მიიღო და საოპერაციოა. გუარდიოლას განკარგულებაში ასევე სტოუნსი და ბერნარდუ სილვა არ იქნებიან.

გუარდიოლა მატჩის წინ:

„თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თუ როგორი ბედნიერები ვართ აქ ყოფნით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. არავინ იცის კიდევ როდის მოგვიწევს ასეთ მატჩში მონაწილეობის მიღება.

„მანჩესტერ სიტი“ მშიერია და ტიტულები სურს. გვინდა დავიცვათ ის, რაც შარშან მოვიგეთ. ასეთ მატჩში მონაწილეობის მისაღებად ბევრი უნდა იშრომო და ეს გავაკეთეთ. „სევილიას“ წარმოუდგენელი მენტალიტეტი აქვს და გვიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დროს ვხვდებით.

„სევილიასთან“ დაპირისპირება ადვილი არ იქნება. როდესაც ისინი კარგად თამაშობენ, ყოველთვის იგებენ. მათ გამორჩეული ხასიათი და გამძლეობა აქვთ. მაქვს განცდა, რომ ეს ჩვენს წინააღმდეგ სახიფათოდ აქცევთ. კევინ დე ბრუინის ტრავმა სერიოზულია. ის რამდენიმე თვე არ გვეყოლება. ახლა გადასაწყვეტია გაიკეთებს, თუ არა ოპერაციას.“

„სევილია“

ანდალუსიურმა კლუბმა ლა ლიგა წარუმატებლად დაიწყო. მენდილიბარის შეგირდებმა „ვალენსიას“ უმასპინძლეს და უმძიმეს ბრძოლაში 1:2 დამარცხდნენ. რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს, ესპანურმა გუნდმა 5 მატჩი გამართა, საიდანაც 2 მოიგო, 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა.

დანაკლისი:

ფინალში მენდილიბარი ტრავმების გამო იანუზაის, მარკაოს, ნიანზუს და ვაკასს ვერ გამოიყენებს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფერნანდოს თამაშიც.

მენდილიბარი მატჩის წინ:

„3 დღის განმავლობაში თამაშის სტილის შეცვლა დიდი შეცდომა იქნება. ჩვენი იდეები უნდა შევინარჩუნოთ და საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ, თუნდაც ევროპის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. „სევილია“ დიდად განსხვავებულ ფეხბურთს არ ითამაშებს. ვითამაშებთ ისე, როგორც ეს ევროპის ლიგის ფინალში გავაკეთეთ.

ჩემი ფეხბურთელები ნდობის საშუალებას მაძლევენ. ისინი მაქსიმალურად კონცენტრირებულნი არიან და ეს მე ამაყს მხდის. თითოეულ მათგანს სურს თამაში და „სიტის“ დამარცხება. თუ ფიქრობთ, რომ სტატისტიკა მაწუხებს, განსაკუთრებით პეპის გუნდთან ეს იმას ნიშნავს, რომ არ მიცნობთ. მჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია.

ტრავმების მოშუშებას დრო სჭირდება. სამწუხაროდ, „სიტის“ წინააღმდეგ ორი ცენტრალური მცველი გვაკლია, მაგრამ რას ვიზამთ? ფეხბურთი ასეთია. მიუხედავად ამისა, გაბედულად უნდა ვითამაშოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ. „სიტის“ წაგება შეუძლია და ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით. დამიჯერეთ, დიდ გუნდებსაც შეიძლება ცუდი დღე ჰქონდეთ."

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში 4-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ოთხივე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა. „ქალაქელებმა“ ანდალუსიელები უკლებლივ ყველა შეხვედრაში დაამარცხეს.

ცნობისთვის, ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 16 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ დაუშვათ რუსები და ბელარუსები“ - უკრაინა ოლიმპიადაზე ბოიკოტით იმუქრება
„არ დაუშვათ რუსები და ბელარუსები“ - უკრაინა ოლიმპიადაზე ბოიკოტით იმუქრება