კონფერენს ლიგა, აპოელი
Aa
Aa

სტადიონზე გადმოფენილი ბანერის გამო, დილა 10 000 ევროთი დაჯარიმდა

ევროტურნირებზე ერთადერთი ქართული გუნდი შემორჩა - გორის დილა, რომლის მეტოქეც, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქართველების: ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას აპოელია.

დილამ პირველი საშინაო მატჩი დინამო არენაზე (არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით) გამართა და ანგარიშით - 0-2 დამარცხდა.

მატჩის მსვლელობისას, დილას ფანკლუბმა 3 ბანერი გადმოფინა:

1) ბანერი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნას ეძღვნებოდა,

2) ბანერი, რომელიც შოვში, ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას მიაგებდა პატივს 

3) და ,,Free BBB", რომელიც მიზნად დინამო ზაგრების ფანების (BAD BLUE BOYS) მხარდაჭერას ისახავდა. 

როგორც აღმოჩნდა, დილა - აპოელის მატჩის დელეგატმა, ,,Free BBB" ფაშისტურ ნიშნად აღიქვა და ქართული გუნდი 10 000 ევროთი დააჯარიმა. თავდაპირველად, დელეგატმა გუნდს გაფრთხილებით მიმართა, რომ ლომკაცებს აღნიშნული ბანერი აეღოთ, დილას ფანკლუბი ბანერს არ ხსნიდა და ითხოვდა, რომ მატჩის დელეგატი მათთან მისულიყო, არგუმენტირებული დასაბუთების შემდეგ კი ბანერს ჩამოხსნიდნენ. ლომკაცებმა მოთხოვნა მას შემდეგ გაითვალისწინეს, როდესაც დელეგატის შეხედულება გაიგეს, თუმცა რუმინელმა დელეგატმა, ოქმში ჯარიმა მაინც შეიტანა.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ათენის აეკისა და დინამო ზაგრების ფან-დაჯგუფებას შორის ადგილი ინციდენტს ჰქონდა, რასაც აეკის ახალგაზრდა გულშემატკივარი ემსხვერპლა. ინციდენტში მონაწილეობდნენ პანათინაიკოსის ადგილობრივი ულტრასებიც. დინამო ზაგრების ფანების განცხადებით, ისინი არასოდეს იყენებენ დანას. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ადამიანი, რომელსაც ბრალი მკვლელობაში ედება და ის დინამო ზაგრების ფანკლუბის წევრი არ არის. მასთან ერთად, ათენში დაკავებულია დინამო ზაგრების 82 გულშემატკივარიც.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ევროტურნირების მატჩის დელეგატი დილას შენიშვნებით მიმართავს. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, კონკრეტული მითითებების გამო, გუნდს საშინაო სტადიონის გამოცვლა მოუხდა და თენგიზ ბურჯანაძის ნაცვლად, დინამო არენაზე გადაინაცვლა, თუმცა მაშინ დილას ფულადი ჯარიმა არ შეხებია.

აპოელისა და დილას საპასუხო მატჩი ნიქოზიაში, 17 აგვისტოს შედგება და თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დემჩენკო: არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, ოჯახური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ
დემჩენკო: არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, ოჯახური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ