გიორგი მამარდაშვილი, იან ზომერი, ანდრე ონანა
Aa
Aa

მამარდა თუ ზომერი? - ვის აირჩევს ინტერი

ცნობილი იტალიური გაზეთი, la Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ გამოცემაში „ინტერის“ სატრანსფერო გეგმებზე წერს. გაზეთის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ თუ „ნერაძური“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის მთავარ მეკარეს, ანდრე ონანას გაყიდის, კლუბში მის შემცვლელად ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ვარიანტი განიხილება.

რა წერია სტატიაში:

ჯერ კიდევ გუშინდელ დღემდე, კლუბში მეკარის მდგომარეობა ხელშეუხებელი ჩანდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც „ინტერს“ გასულ სეზონში ერთ-ერთ მთავარ გმირად ანდრე ონანა მოევლინა, ის პრემიერ ლიგის გუნდების ყურადღების ცენტრში მოექცა. „ჩელსიმ“ ტრანსფერის შესაძლებლობები განიხილა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი შეთავაზებაც გააკეთა. შესაბამისად, „ინტერს“ მოუწია, რომ მეკარის ღირებულება დაესახელებინა და ონანა 60 მილიონ ევროდ შეაფასა. კამერუნელის მიმართ ასეთი ინტერესის გათვალისწინებით, „ნერაძურიმ“ მისი შემცვლელის ძიება დაიწყო. თავდაპირველად განიხილებოდა „ემპოლის“ გოლკიპერის, გულელმო ვიკარიოს მოყვანა, თუმცა „ტოტენჰემმა“ დაასწრო და „ემპოლის“ 20 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც მათ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

შესაბამისად, „ინტერი“ იძულებული გახდა გეგმა B აემოქმედებინა და სხვა ვარიანტები განეხილა. ახლა კლუბის ხელმძღვანელების რადარზე ორი ვარიანტი გამოჩნდა. საუბარია „ვალენსიას“ 22 წლის გიგანტ გიორგი მამარდაშვილზე და შვეიცარიელ იან ზომერზე, რომელმაც იტალიას კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის შესაძლებლობა წაართვა. ახალგაზრდა, პერსპექტიული მეკარე შედარებით გამოცდილის წინააღმდეგ. საინტერესოა, რომელს აირჩევს ინძაგი. ორივე მეკარე დაცვას დიდ საიმედოობას ჰპირდება, თუმცა პირველი თვეები რთული იქნება, რადგან ონანას მემკვიდრეობის ჩაბარება არც თუ ისე მარტივია.

მამარდაშვილის „ვალენსიისთვის“ გასული სეზონი პრობლემური იყო, თუმცა პირადად ქართველი მეკარისთვის პოზიტიურად დასრულდა, რადგან ბევრი ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის ტურინის „იუვენტუსის“. მისთვის, „ინტერში“ გადასვლა ბევრად მომგებიანი იქნება, რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. კვარაცხელიას კომპანიონსა და მეგობარს „ვალენსიას“ დატოვება 25 მილიონ ევროდ შეუძლია. ეს კი იმ თანხის ნახევარია, რომელსაც „ინტერი“ ონანას ტრანსფერიდან მიიღებს. რაც შეეხება ზომერს, გამოცდილი მეკარე იანვარში ტრავმირებული მანუელ ნოიერის შემცვლელად „ბაიერნში“ გადავიდა, თუმცა გერმანელის დაბრუნების შემდეგ, ის სასტარტოში ადგილს დაკარგავს, რის გამოც, სავარაუდოდ ტრანსფერს მოითხოვს. არის შესაძლებლობა, რომ „ბაიერნმა“ შვეიცარიელი მეკარე იჯარის წესით გაუშვას, რაც „ინტერისთვისაც“ იდეალური ვარიანტი იქნება. „ნერაძური“ ფაქტობრივად უფასოდ შეძლებს კლუბში ძალიან გამოცდილი მეკარის მოყვანას. თუმცა, არსებობს მესამე ალტერნატივაც: „ინტერი“ ონანას შეინარჩუნებს და ყველა გულშემატკივარს გაახარებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ინტერმა“ სერია A მე-3 პოზიციაზე დაასრულა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ფინალში შეძლო გასვლა, სადაც გადამწყვეტ მატჩში „მანჩესტერ სიტისთან“ 1:0 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე: „ხვიჩა თუ ჟერვინიო? კვარაცხელიას უფრო დიდი ნიჭი აქვს“
ფედელე: „ხვიჩა თუ ჟერვინიო? კვარაცხელიას უფრო დიდი ნიჭი აქვს“