ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, დავით ვოლკოვი, ბუდუ ზივზივაძე, ლუკა გაგნიძე, გიორგი ბერიძე, გიორგი ლორია, საბა ლობჟანიძე, გაბრიელ სიგუა
Aa
Aa

ჩაკვეს დუბლი და 5:0 მეორე ტაიმში - საქართველომ მონღოლეთი გაანადგურა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი მატჩი მონღოლეთთან გამართა და ამხანაგურ შეხვედრაში 6:1 გაიმარჯვა, პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, შესვენების შემდეგ სანიოლის გუნდმა 5 გოლი გაიტანა.

საქართველომ მონღოლეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა: ლორია (გუგეშაშვილი 46), საზონოვი, კობახიძე, დვალი, ლობჟანიძე, აბურჯანია (კვეკვესკირი 46), გაგნიძე (სიგუა 64), გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი (დავითაშვილი 64), ჩაკვეტაძე (ზივზივაძე 64), ვოლკოვი (ბერიძე 71)

1997 წელს საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 7:0 გაანადგურა, 7-დან 5 გოლი მეორე ტაიმში გავიდა.  ანალოგიურად მოხდა დღევანდელ მატჩშიც. რაც შეეხება სომხეთთან მოგებულ შეხვედრას, პირველ ტაიმში შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ გაიტანეს, შესვენების შემდეგ შოთა არველაძემ კიდევ ორი გოლი შეაგდო, არჩილ არველაძემ დუბლი შეასრულა, მატჩის საბოლოო შედეგი მიხეილ ყაველაშვილმა დააფიქსირა.

შეხვედრის პირველ ტაიმში სანიოლის გუნდმა ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა, პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები დამაჯერებელი იყო, თუმცა  ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძელთა 6 გოლიდან 2 გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა, VAR-ის პირობებში ვოლკოვის გოლი და ჩაკვეტაძის პირველი გოლი არ ჩაითვლებოდა.

ბათუმში გამართულ მატჩში ანგარიში მე-15 წუთზე დავით ვოლკოვმა გახსნა, თუმცა VAR-ის შემთხვევაში გოლი არ ჩაითვლებოდა, რადგან ჩაკვეტაძის დარტყმისას ვოლკოვი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

27 წლის ვოლკოვმა, რომელიც ამპლუით ცენტრფორვარდია და აზერბაიჯანულ „საბაჰში“ თამაშობს, ეროვნულ ნაკრებში მე-5 მატჩი ჩაატარა და მეორე გოლი შეაგდო. 5-დან 4 ამხანაგური იყო, ერთადერთი ოფიციალური მატჩი შვედეთთან ჩაატარა, როცა ცვლილებაზე ითამაშა.

31-ე წუთზე გიორგი ლორიამ ბურთი დაკარგა, მონღოლებმა სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს, დაცვის ხაზი „ჩავარდა“,  ბალჯინია ბატბოლდმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

 

39-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილმა პენალტი გამოიმუშავა, თუმცა ჩაკვეტაძემ ვერ გაიტანა, მეკარემ აუღო. აღსანიშნავია, რომ 1:0-ზე ჩაკვეტაძემ კიდევ ერთი რეალური შანსი ვერ გამოიყენა, ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა და მეკარემ აჯობა.

მეორე ტაიმში ვილი სანიოლმა ტრავმირებული გიორგი ლორია ლუკა გუგეშაშვილით შეცვალა, აბურჯანიას ნაცვლად კი თამაშში ნიკა კვეკვესკირი ჩაერთო. კვეკვესკირი ნაკრების ვიცე-კაპიტანია, კაშია სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ასე რომ, პირველ ტაიმში ნაკრებს ლორიამ უკაპიტნა, შესვენების შემდეგ - კვეკვესკირმა.

„ყარაბარის“ მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა, თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა გაბრიელ სიგუამ და მოსკოვის „დინამოს“ საყრდენმა ლუკა გაგნიძემ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარეს.

მეორე ტაიმში ორწუთიან მონაკვეთში გიორგი ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა. 57-ე წუთზე საქართველოს ნაკრები დაწინაურდა, გიორგი ჩაკვეტაძემ ახლო მანძილიდან გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობაში იყო, VAR-ის ყოფნის შემთხვევაში გოლი არ ჩაითვლებოდა.

58-ე წუთზე ჩაკვეტაძემ მეორე გოლი შეაგდო, ამჯერად გოლი თამაშის წესის დაცვით გავიდა. „სლოვანის“ ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში 6 გოლია.

70-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის პასის შემდეგ საბა ლობჟანიძე დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ანგარიში 4:1 გახდა. საბამ ეროვნულ ნაკრებში მესამე გოლი გაიტანა.

ცვლილებაზე გამოსულმა გიორგი ბერიძემ 88-ე წუთზე ანგარიში გაზარდა - 5:1. 25 წლის ბერიძემ ეროვნულ ნაკრებში მე-6 შეხვედრა ჩაატარა და სადებიუტო გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6:1. „კარლსრუეს“ ფორვარდმა ეროვნულ გუნდში 16 მატჩში მე-4 გოლი შეაგდო.

ზივზივაძის გოლისას საგოლე პასი საბა ლობჟანიძის ანგარიშზეა.

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ნორვეგიას ბათუმში უმასპინძლებს. შეხვედრა 28 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დებიუტანტებით - როგორია მონღოლეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების სასტარტო XI
დებიუტანტებით - როგორია მონღოლეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების სასტარტო XI