კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ ახალგაზრდულ გუნდში? - შესაძლოა, მან. იუნაიტედმა კრიშტიანუ დასაჯოს

The Telegraph-ის ცნობით, „მან. იუნაიტედი“ კრიშტიანუ რონალდუს ახალგაზრდულ გუნდში გადაყვანას გეგმავს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 37 წლის მოთამაშე „წითელი ეშმაკების“ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და კლუბს იმ პირობებით არ დატოვებს, რა მოთხოვნებსაც მანჩესტერული კლუბი წაუყენებს.

მთავარი საკითხი რონალდუს ხელფასია, ის თვეში ნახევარ მილიონ ფუნტს იღებს, ინგლისურ კლუბს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა არ სურს, ფეხბურთელს კლუბთან კიდევ 7-თვიანი კონტრაქტი აკავშირებს და საერთო ჯამში მხოლოდ ხელფასის სახით 3 500 000 ფუნტი სტერლინგი ეკუთვნის.

თუ თანამშრომლობის შეწყვეტის თაობაზე მხარეები ვერ შეთანხმდებიან, პორტუგალიელს „მან. იუნაიტედის“ 21-წლამდე გუნდში ვიხილავთ.

ნიკოლო შირას ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ ორი სარფიანი წინადადება მიიღო, მას MLS-ის გუნდი იწვევს. ასევე, კარიერის გაგრძელების შანსი საუდის არაბეთში აქვს, თუმცა 37 წლის პორტუგალიელს ევროპაში თამაში სურს. კერძოდ, მისი სურვილია ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე გუნდს დაუკავშიროს მომავალი.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პირს მორგანს სკანდალური ინტერვიუ მისცა, რამაც სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია. კრიშტიანუმ კლუბის მმართველები და მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მწვავედ გააკრიტიკა:

„მან. იუნაიტედში“ მიღალატეს, აქ პატივს არ მცემენ, ეს მხოლოდ ამ სეზონში არ დაწყებულა, გასულ სეზონშიც ასე იყო. პატივისცემა არ მაქვს ერიკ ტენ ჰაგის მიმართ, რადგან მან არ აჩვენა პატივისცემა ჩემს მიმართ. თუ ვინმე პატივს არ მცემს, მეც ანალოგიურად ვპასუხობ.

რაც სერ ალექს ფერგიუსონი გუნდიდან წავიდა, კლუბი არ განვითარებულა. პროგრესი იყო ნული. მან კარგად იცის, რომ გუნდი სწორ გზაზე არ დგას. პირები, რომლებიც ამას ვერ ხედავენ, ბრმები არიან, მაგრამ მე მინდა, რომ ქომაგებმა სიმართლე იცოდნენ, კლუბისთვის საუკეთესო მინდა და სწორედ ამიტომ დავბრუნდი „მან. იუნაიტედში“. ეს კლუბი პირველ ადგილზე უნდა იყოს, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა. მაგალითად, საინტერესოა, თუ როგორ გაუშვეს სულშერი და შემდეგ რანგნიკი დანიშნეს, ეს ვერავინ გაიგო, თუ რატომ მოიქცნენ ასე. რანგნიკი მწვრთნელი არასდროს ყოფილა. მის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. გაოცებული არა მარტო მე, მთელი მსოფლიო დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები