საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, გიბრალტარი
Aa
Aa

ჩაკვეს გარეშე და ,,რა, სად, როდის“ - გიბრალტარი ლამაზი ხედებით

ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების შემდეგ, 24 სექტემბერს, თბილისის დროით 13:10 საათზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთან ერთად თბილისიდან მალაგაში გავემგზავრეთ. დაახლოებით 6,5-საათიანი ფრენის შემდეგ მალაგაში, კოსტა დელ-სოლის სახელობის აეროპორტში დავფრინდით, შემდეგ კი ავტობუსით გიბრალტარისკენ ავიღეთ გეზი.

საქართველოს ნაკრები გიბრალტარს გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე შეხვდება, მიზეზი მაღალი ტემპერატურაა.

თვითმფრინავში პოზიტიური განწყობა იყო. ტრადიციულად, ფეხბურთელებმა მათთვის საყვარელი „რა, სად, როდის?“ ითამაშეს. რამდენიმესაათიან ფრენას მსგავსი აქტივობები აადვილებს, თითქოს დრო ასე უფრო სწრაფად გადის და კარგი განწყობაც მოაქვს.

მალაგა ესპანეთის მზიანი მხარეა დაბალი მთებითა და თეთრი სახლებით. მალაგადან გიბრალტარისკენ მიმავალ გზაზე თეთრი და მწვანე ფერი სჭარბობს, მზის სხივებთან სინთეზში პეიზაჟებს ალამაზებს. ტემპერატურა დაახლოებით 25 გრადუსია. შესანიშნავი ამინდი ფეხბურთის სათამაშოდ. დაახლოებით ანალოგიურ ტემპერატურას ვარაუდობენ სინოპტიკოსები თამაშის დღეს გიბრალტარში.

რამდენიმესაათიანი ფრენის შემდეგ ინტერნეტთან წვდომა აღდგა. შევიტყვეთ, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები დანიაში დიდი ანგარიშით დამარცხდა, თუმცა ამასობაში გიორგი მოისწრაფიშვილმა პორტუგალიას ლამაზი გოლი გაუტანა და განწყობა უკეთესობისკენ შეიცვალა.

გიბრალტარისკენ მიმავალ გზაზე გავიარეთ ლეგენდარული მიხაელ კემპბელის გოლფის აკადემია. ამ გზაზე ასევე ვხედავდით პალმებს, მცენარეს, რომელიც ესპანეთთან ასოცირდება.

გიბრალტართან ახლოს მანქანების გადატვირთული მოძრაობა იყო. ფაქტობრივად, ავტომობილები არ მოძრაობდნენ, ერთ ადგილზე იდგნენ და ამ მომენტში ყველას თბილისის ცენტრალური ქუჩები გაგვახსენდა. საბოლოოდ, დაახლოებით 10-საათიანი მგზავრობა კარგად დასრულდა, სასტუმროებში გადავნაწილდით და შემდეგი დღისთვის მოვემზადეთ.

25 სექტემბერს, დილით, გიბრალტარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულიო რიბასმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა. სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე დაახლოებით 20 წუთი ფეხბურთელებთან საუბარს დაუთმო, სიჩუმის ფონზე ესპანურის მცოდნე მისი საუბრის შინაარს გაიგება. სტადიონთან ახლოს თვითმფრინავის ასაფრენი ზოლია და ვარჯიშის პარალელურად გიბრალტარი რამდენიმე თვითმფრინავმა დატოვა.

ხულიო რიბასმა პრესკონფერენციაზე ფავორიტად საქართველოს ნაკრები დაასახელა, თუმცა მისი განწყობა ოპტიმისტური იყო, იმედოვნებს, რომ მისი ფეხბურთელები მაქსიმუმს აჩვენებენ.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გიბრალტარის ცნობილი კლდე დავათვალიერე და ყველაზე მაღალი წერტილიდან ვიქტორიას სტადიონი გადავიღე, 26 სექტემბერს ერთა ლიგის მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზე საქართველო ბოლო შეხვედრას ჩაატარებს.

დიმა შარიქაძე გიბრალტარიდან კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაიას საჩუქარი საქართველოს - კვიპროსმა საბერძნეთი დაამარცხა
ქეცბაიას საჩუქარი საქართველოს - კვიპროსმა საბერძნეთი დაამარცხა